საქართველო უცხოელი ტურისტებისთვის 1-ლი ივლისიდან გაიხსნება.
მანამდე კი მთავრობა იმ ძირითად მიმართულებებს ასახელებს, რომელთა განვითარებასაც ტურიზმის მიმარულებით აპირებს. ესენია:
სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, ეკო და აგრო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, დაცული ტერიტორიები და მთის კურორტები.
საქართველოს მთის კურორტებისადმი ინტერესი უცხოელ ტურისტებში ნამდვილად არსებობს, ასევე უცხოელებს იზიდავს ღვინის ტურიზმი, რეკრეაცია, ტურისტები ჩამოდიან სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიზნით, თუმცა მთლიან ვიზიტორებში ასეთი დამსვენებლების წილი 50%-ზე ნაკლებია. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 7 725 800 უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, აქედან 3 359 600 - დასვენება, გართობა, რეკრეაციის მიზნით, 135 900 - მკურნალობა/გაჯანსაღების მიზნით, რაც ჯამში მთლიანი ვიზიტორების 45,2%-ია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტეერსდა, შეძლებს თუ არა ქვეყანა პოსტ-პანდემიის პირობებში საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვას და მთავრობის მიერ დასახელებული მიმართულებების უფრო მეტად განვითარებას. როგორც ჩვენთან საუბრისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე აცხადებს, „მიზნობრივი ბაზრები შეიცვლება, პროდუქტებიც, შესაბამისად, ტურისტულ ინდუსტრიაში „რესტარტი“ გვექნება, რაც ძალიან საინტერესო პროცესია“.
მისი თქმით, საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან პრიორიტეტებიც გადაფასდება და თუ ადრე დიდ სასტუმროებზე გაცილებით მეტი დატვირთვა იყო, ახლა არჩევანი ეკო-გამაჯანსაღებელ, იზოლირებულ გარემოზე გაკეთდება.
„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მთავრობის გაკეთებული განცხადებები იყო დროული. იმიტომ, რომ ბიზნესი არ გაკოტრდეს და საკუთარი აქტივობები გარკვეულწილად შეინარჩუნოს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზღვრის გახსნის სტრატეგიის მოსმენაც, რადგან კონკრეტული მოლოდინები გაჩნდეს და სექტორმა სამზადისი უკვე დაიწყოს.
შენიშვნა მექნებოდა ის, რომ სესხების ნაწილში, ფიზიკური პირებიც გაითვალისწინოს სახელომწიფომ, რადგან მოგეხსენებათ, მცირე და საშუალო ბიზნესს ძირითადად ფიზიკურ პირზე აქვს სესხი და არა შპს-ზე.
როგორც ცნობილია, სანიტარული გაიდლაინებიც უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი, რაც ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს პროცესები და მასთან დაკავშირებული ხარჯები.
ამასთან, ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს კომუნიკაცია და მარკეტინგი. ჩვენ თუ გვინდა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყოს, სადაც საერთაშორისო ტურიზმი აღდგება, ვფიქრობ, საკმაოდ აგრესიული და პროაქტიული მარკეტინგული გეგმაა საჭირო, სადაც კრეატიული, ინოვაციური მესიჯი გაჟღერდებოდა. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიო მასშტაბით. შეიცვლება ბიზნეს მოდელი, სამომხმარებლო ქცევა, შესაბამისად მოთხოვნა. თუ აქამდე დიდ სასტუმროებში უფრო მეტი დატვირთვა იყო, ახლა იზოლირებულ აპარტამენტებზე იქნება მოთხოვნა და ამაზე მოგვიწევს ადაპტაცია. ამასთან, ძალიან ბევრი ქვეყანა დაიწყებს მწვანე ზონების გამოყოფას და მოგზაურობის დროს პრიორიტეტები შეიცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტი სიახლოვე იქნება ბუნებასთან, ჯანსაღ გარემოსთან, მით უფრო მოთხოვნადი იქნება. საერთაშორისო მოგზაურები გახდებიან უფრო ფრთხილები და გამაჯანსაღებელი-ეკოტურიზმი გახდება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება“,-ამბობს მაია სიდამონიძე.