რუსეთის სასამართლომ რუსი ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი ანატოლი ბიკოვი დააკავა. კრასნოდარის მხარის სასამართლო მას ორი ან მეტი პირისთვის ცეცხლსასროლის იარაღიდან სროლას და მკვლელობას ედავება.
საქმე ეხება 1994 წელს მომხდარ ორგანიზებულ მკვლელობას, როდესაც ბიკოვს კონფლიქტი ჰქონდა კირილ ვოიტენკოსა და ალექსანდრ ნაუმოვთან. 1994 წლის 24 ივლისს, ბიკოვს საკუთარი მანქანა თვალწინ აუფეთქდა და გადაწყვიტა, რომ ამაში კლანის წევრის, 23 წლის ნაუმოვის ხელი ერია. მალევე, ნაუმოვი და მისი მეგობარი, ვოიტენკო მანქანაში ჩაცხრილული იპოვნეს...
რუსული გამოცემა РБК წერს, რომ ბიკოვმა ეს მკვლელობა, "კარგი ნაცნობის" ვლადიმირ ტატარენკოს დახმარებით დაგეგმა, რომელსაც მოგვიანებით, 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ცოტა ხნის წინ, მან ბიკოვის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. იმავე დღეს, ყირიმსა და კრასნოიარსკში ბიზნესმენის სახლები გაჩხრიკეს.
1990-იან წლებში, ბიკოვი კრასნოიარსკის ალუმინის ქარხნის მფლობელი იყო, 1998-2000 წლებში კი ქარხნის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი. ქარხნის ერთ-ერთი თანამფლობელი, ანტრაციტისა და ნახშირის მომპოვებელი კომპანია "ალტეკის" დამფუძნებელი დმიტრი ბოსოვი იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...
90-იან წლებში ანატოლი ბიკოვი, ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ დაფუძნებული ბანკ "Российский кредит"-ის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. 2005 წელს, რუსულ Forbes-თან ინტერვიუში, სადაც სწორედ "ალუმინის ომებზეა" საუბარი, ქართველი მილიარდერი იხსენებდა 1997 წელს, როცა ალუმინის ქარხნის აქციები მეორად ბაზარზე შეიძინა.
"კრასნოიარსკში მუშაობა ბევრად ადრე დავიწყე, ვიდრე ალუმინის ქარხანაში მოვხვდებოდი... 1992 წელს ბანკმა კრასნოიარსკის მეტალურგიული ქარხნის 30% შეიძინა. ის ალუმინის ქარხანას ესაზღვრებოდა, თუმცა იმ მომენტში ქარხანაში არაფერი ხდებოდა, მეტალს არავინ აძლევდა და გაჩერებული იყო... ასე გაგრძელდა 1994 წლამდე, როდესაც კრასნოიარსკის ალუმინის ქარხნის აქციონერებმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ალუმინის ქარხნისა და აჩინსკის თიხამიწის კომბინატის აქციების 20% მეტალურგიული ქარხნის ბალანსზე გადაიტანეს.
ალუმინის ქარხნის მესაკუთრეებმა შემომთავაზეს პაკეტის გაყიდვა, რომელიც 1996 წელს ძალზე ძვირად გავყიდე... ერთ წელში ალუმინის ქარხნის აქციონერებს შორის დაპირისპირება მოხდა" - იხსენებდა ივანიშვილი, რომლის თქმითაც, შემდეგ საქმეში ჩაერია მისი ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვასილ ანისიმოვი, რომელიც კარგად იცნობდა სამ მფლობელს: ალექსანდრ კოლპაკოვს, ვლადიმირ რატნიკოვს და ოლეგ კიმს, რომლებსაც აქციების 28% ეკუთვნოდათ.
“ანისიმოვმა მითხრა, კოლპაკოვი და რატნიკოვი ქარხნის აქციების 48%-ის მყიდველს ეძებენო, მაგრამ მე და ვასილიმ მათგან აქციები მხოლოდ მას შემდეგ ვიყიდეთ, როცა ანატოლი ბიკოვსა და გენადი დრუჟინინს 20% დაუბრუნეს. ბიკოვი დათანხმდა, რომ ყველანი ერთად ვიმუშავებდით" - ყვებოდა ივანიშვილი, მისი თქმითვე, ბიკოვიც “Российский кредит"-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ოღონდ ისე, რომ არც ბანკის საბჭოს წევრი ყოფილა და ხელფასსაც არ იღებდა.
rbc.ru-ს ცნობით, 1997 წელს, კრასნოიარსკის ალუმინის ქარხნის გარშემო უკვე ნამდვილი ომი იყო კომპანია TWG-ს მფლობელ ძმებს - მიხეილ და ლევ ჩერნისა და რუს აქციონერებს შორის, რომელთაც სწორედ ანატოლი ბიკოვი მეთაურობდა. ბიზნესზე კონტროლის მოსაპოვებლად დაპირისპირება წლები გრძელდებოდა...
“ივანიშვილი იხსენებდა, რომ 1996 წელს საფრანგეთში უცნობმა დაურეკა და КраМЗ-ის აქციების გაყიდვა მოსთხოვა. “ისეთი ხმით მელაპარაკებოდა, რომ შიგნიდან გავცივდი. შიშისგან ყველა კარი ჩავკეტე... უცნობს ვთხოვე მეორე დღეს გადმოერეკა. მანაც გადმორეკა და ფასი დაასახელა" - ყვებოდა ქართველი მილიარდერი.
გამოცემის ცნობით, რამდენიმეწლიანი დაპირისპირების შემდეგ, საქმეში ბორის ბერეზოვსკი და ოლეგ დერიპასკა ჩაერივნენ და კონფლიქტიც თანდათან მინელდა...
რაც შეეხება, ბიკოვს, ის შემდეგ Российский кредит-ის ვიცე პრეზიდენტი გახდა. რუსულ Forbes-თან ინტერვიუში ივანიშვილი იხსენებდა, რომ ეს მისი იდეა იყო.
"ბანკში ყოველთვის ბევრი ვიცე-პრეზიდენტი გვყავდა... ამ თანამდებობაზე ვნიშნავდით ბანკის კლიენტებს, მსხვილი საწარმოების ხელმძღვანელებს ან მესაკუთრეებს. "ვიცე-პრეზიდენტის სავიზიტო ბარათებს" იღებდნენ, რაც მათ ძალიან სიამოვნებდათ" - იგონებდა ივანიშვილი რუსულ გამოცემასთან საუბარში. რუსული მედიის ცნობით, არ ჩანს, სად წყდება ივანიშვილსა და ბიკოვს შორის საქმიანი თუ ფორმალური ურთიერთობა.
2002 წელს, ბიკოვი კრიმინალური დაჯგუფების წევრის, ვილორი სტრუგანოვის გატაცების ბრალდებით დააკავეს, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში "პაშა ცვეტომუზიკას" სახელით იცნობენ. თუმცა, სამი წლის შემდეგ, კრასნოიარსკის სასამართლომ ბიკოვს სასჯელი მოუხსნა და სისხლის სამართლის საქმეც შეწყდა. იხილეთ სრულად