"ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, შემდგომი იქნება სოფლის მეურნეობა, ამას შემდგომ მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი"

ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, შემდგომი იქნება სოფლის მეურნეობა, ამას შემდგომ მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ეკონომიკის სექტორების გახსნის რანჟირება ეფუძნება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკისთვის კონკრეტული სექტორი და რამდენად დაზარალდა პანდემიის გამო.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკური გახსნის და ეკონომიკური აღდგენის პროცესი ტურიზმიდან დაიწყება, შემდგომი იქნება სოფლის მეურნეობა, ამას შემდგომ მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი, რა თქმა უნდა, ინდუსტრია, შემდგომ იქნება განათლება, შემდგომ მედიცინა. ასე მივყვებით ჩვენ. ეს არ ნიშნავს რომ პირველი, მეორე, მესამე რანჟირება არის განსაზღვრული იმ სექტორებით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს, რომ ეს რანჟირება დაყრდნობილია ორი კომპონენტის საშუალო შეწონილზე - ვინ დაზარალდა ყველაზე უფრო და ვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში. ესაა და ეს, თორემ ზოგიერთებს ეწყინათ მაგალითად, რატომ ვიწყებთ ტურიზმით და არა ინდუსტრიით ან სოფლის მეურნეობით. იმიტომ, რომ საშუალო შეწონილს თუ ავიღებთ, ეკონომიკაში ტურიზმის წვლილი და ამავე დროს, ტურიზმზე მიყენებული ზიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, შემდგომ ესაა სოფლის მეურნებობა და სხვა დარგები“,- განაცხადა გახარიამ.