Cushman & Wakefield - აპრილში უძრავი ქონების ბაზარზე პროექტების 11% შეჩერდა, 67% - შეფერხდა

2020 წლის აპრილში უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად დაზარალდა. საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის ანგარიშის მიხედვით, გასულ თვეს კორონავირუსის პანდემიის გამო მიმდინარე პროექტების 11% შეჩერდა, 67% კი შეფერხდა.

კვლევის ავტორები მთავარ შემაფერხებელ მიზეზად კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებენ, რომლის შედეგადაც არაერთი ეკონომიკური საქმიანობა შეჩერდა და ჩაიკეტა ქალაქები. ამასთან, ბიუროკრატიული და სამართლებრივი ბარიერების გათვალისწინებით, მთავარ გამოწვევად პროექტების ჩაბარების ვადების დარღვევა სახელდება.

„აპრილში, მიმდენარე პროექტების 11% შეჩერდა, 67% კი შეფერხდა. რაც შეეხება სამომავლო პროექტებს, გამოკითხულთა 67%-მა აღნიშნა, რომ დაგეგმილი პროექტების შესრულების დაწყება მინიმუმ სამი თვით ან უფრო რეალისტურად 1 წლით გადავადდა. ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა დაწყებულიყო, კონცეპტუალური დაგეგმარების ეტაპზე რჩება.

გასაკვირი არაა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვან დაბრკოლებად შემოსავლის მოსალოდნელი შემცირება სახელდება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხული დეველოპერების პროექტების პორტფელი გაყიდების მეთოდიკა და განრიგი განსხვავდება ერთმანეთისგან. შესაბამისად, ფინანსური სირთულეები განსხვავებულად აისახა სხვადასხვა დეველოპერზე. ჩვენი კვლევის მონაწილეთა შორის არიან ისეთი კომპანიები, რომლებმაც მიმდინარე კრიზისის ფონზე ნაკლებად იზარალეს. ამ კომპანიებმა საახალწლო პერიოდში სპეციალური გაყიდვების კამპანია აწარმოეს. შესაბამისად, პანდემიის გამოცხადებამდე მათ მშენებარე პროექტებში არსებული საცხოვრებელი ფართების დიდი ნაწილი გაყიდეს.

გაყიდვების შემცირების გარდა, დეველოპერთა ნაწილმა შემოსავლის კლების მიზეზად ეროვნული ვალუტის გაუფასურება დაასახელა. ფინანსური ვალდებულების მქონე კომპანიებმა საშეღავათო პერიოდი მოითხოვეს თვიური გადასახადების გადავადების მიზნით. კვლევის მეორე ეტაპზე, დეველოპერებმა დაიწყეს ონლაი გაყიდვებთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბარი: ონლაინ გაყიდვების გუნდი აქტიურ კომუნიკაციაშია პოტენციურ კლიენტთან, თუმცა კლიენტს არ აქვს საშუალება სასურველი ბინა ადგილზე ნახოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს, ამიტომ ის იძულებულია ბინა პირდაპირ ვირტუალურად შეიძინოს”, - ნათქვამია Cushman & Wakefield-ის კვლევაში.

ამასთან, ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, მოსალოდნელია, საცხოვრებელი ფართების ფასების 15-20%-იანი ვარდნა. „ფაქტია, რომ ფასების კლების ტენდენცია უკვე გამოიკვეთა. აპრილში როგორც მცირე, ისე მსხვილმა დეველოპერებმა დაიწყეს აქტიური კამპანია - სპეციალური შეთავაზებები და სხვადასხვა სახის ფასდაკლებები მოკლევადიან პერიოდში, თუმცა ჩვენს კვლევაში მონაწილეების უმრავლესობა ფასების შემცირებას არ გეგმავს“, - აღნიშნულია კვლევაში.