ტაილანდის ხელისუფლებამ უცხოელ ტურისტებს შესაძლოა, გადასახადი დაუწესოს

ტაილანდის ტურიზმისა და სპორტის სამინისტრო უცხოელი ტურისტებისთვის მოსაკრებლის დაწესებას განიხილავს.

საუბარია დაახლოებით, 9 დოლარზე. გადასახადის გადახდა მოუწევს ყელა იმ უცხოელს, რომელიც ქვეყანაში საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო გზით შევა. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Bangkok Post-ი სამინისტროს ხელმძღვანელის პიპატ რაჭაკიტპროაკის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნული გადასახადი არის 20-წლიანი ეროვნული გეგმის ნაწილი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ორგანოებს უნდა ჰქონდეთ მუდმივი შემოსავალი, რათა შეინარჩუნოს ეროვნული ეკონომიკის სტაბილიზაცია.

გადასახადიდან შესული თანხის აკუმულირება მოხდება სამინისტროს მიერ მართულ ტურიზმის ფონდში, რომელიც მიზნად ისახავს ტურიზმის საქმიანობის აღდგენასა და განვითარებას, ასევე ტურისტების უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფას. ”პანდემიამ სერიოზული გავლენა მოახდინა ტურიზმზე. ტურიზმის ფონდმა უნდა უზრუნველყოს თანხები სამთავრობო სააგენტოებისთვის, რომლებიც ტურისტებს მოემსახურებიან”, - თქვა მინისტრმა.

გადასახადი ავიბილეთების ღირებულებაში შევა თუ ცალკე მოსაკრებელი იქნება, ჯერჯერობით უცნობია. მედიის ინფორმაციით, მთავრობა აღნიშნულ საკითხზე მუშაობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი გადასახადი 2020 წლის მე-4 კვარტლისთვის დაწესდება.

„2019 წლის ბოლო კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ შემოვიდა 11-დან 12 მილიონამდე ტურისტი. განახლებული პროგნოზით, 2020 წელს მივიღებდით 16 მილიონ ტურისტს. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ წელს ამ შედეგს მივაღწევთ, რადგან მეოთხე კვარტლამდე ტურისტები სავარაუდოდ, ვერ დაბრუნდებიან“ - განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 16-მილიონიანი პროგნოზი 2006 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2019 წელს ტაილანდს სულ 39,8 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მაისში ტაილანდის მთავრობამ გამოაცხადა, რომ აპირებდა უცხოელი ვიზიტორებისთვის ტურისტული გადასახადის დაწესებას და ამ თანხას ბუნებრივი ადგილების აღდგენას მოახმარდა. ინიციატივის ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ გადასახადის ოდენობა იქნებოდა მინიმალური და არ იმოქმედებს ინდუსტრიაზე. ამასთან, სექტემბერში ხელისუფლებამ გადაწყვიტილება შეცვალა, რათა, მათივე თქმით, სტაგნაციაში მყოფი სექტორი არ დაეზარალებინა. მიმდინარე წლის თებერვალში კი კორონავირუსის პანდემიის გამო ტურიზმის სამინისტრო გადასახადის შემოღების იდეის განხილვას დაუბრუნდა.