„ახალი საგრანტო პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, რათა გაძლიერდეს მათი შესაძლებლობები და წვდომა ჰქონდეთ თანამედროვე ტექნიკაზე"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეს მთავრობამ რამდენიმე პროგრამა დაამტკიცა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დავითაშვილმა განმარტა, პირველი - ეს არის ის შეღავათი, რომელიც ფერმერებს დაუწესდათ სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლების სახით და მეორე - ეს არის აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა.

„ეს არის მთავრობის ახალი დადგენილება, ახალი პროექტია, რომელიც ვფიქრობ, რომ მცირე და საშუალო ფერმერებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საგრანტო პროექტი იმისათვის, რომ გაძლიერდეს ფერმერების შესაძლებლობები, რათა წვდომა ჰქონდეთ თანამედროვე ტექნიკაზე. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ დაკავშირებულია მათ კონკურენტუნარიანობასთან, იმისათვის, რომ მათ მოახდინონ თავიანთი მეურნეობების მოდერნიზაცია და ასევე, შეძლონ თავიანთი მეურნეობების გაფართოვება.

პირველი - ეს უკავშირდება მექანიზაციას, რომელიც ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადია. აქ საუბარია მცირე მექანიზაციაზე, ეს არის 100 ცხენის ძალამდე ტრაქტორი, თვითმავალი ტექნიკა, ხელის მოტობლოკი ან იმპლიმენტი, რომელიც აუცილებელია ნებისმიერ მეურნეობაში. აქ ჩვენი თანადაფინანსება არის 50%-იანი და ფერმერებისთვის გრანტი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 50 000 ლარი.

ასევე, ეს არის მცირე სასათბურე მეურნეობების შექმნისთვის საგრანტო თანადაფინანსება. აქაც პირობები იგივეა -50% და 50 000 ლარამდე თანადაფინასება სახელმწიფოს მხრიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს კომპონენტი ითვალისწინებს არამხოლოდ სტარტაპებს და ახალ მეურნეობებს, არამედ არსებული სასათბურე მეურნეობების მოდერნიზაციას, განახლებას და ხშირ შემთხვევაში, გაფართოებას.

მესამე კომპონენტი უკავშირდება ერთწლიანი კულტურების თანამედროვე სარწყავი სისტემებით აღჭურვას. თანადაფინანსების პირობები აქაც იგივეა- 50% და არაუმეტეს 50 000 ლარისა სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინასება. ეს არის ძალიან მნიშვნელპოვანი წინაპირობა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ფერმერებს საშუალება მივეცით, ფაქტობრივად, უფასო საბრუნავი საშუალებებით ისარგებლონ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, თანამედროვე პირობებში ფერმერებმა შეძლონ ერთწლიანი კულტურების - როგორც ბოსტნეულის, ისე მარცვლეულის - წარმოება. ამასთან, როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, კოოპერატივებს შეუძლიათ მიიღონ არაუმეტეს 500 000 ლარამდე გრანტი.