„ჩვენ ის ქვეყანა ვარ, სადაც ფერმერს შეიძლება ჰყავდეს 67 მეწველი ძროხა და  სოციალური დახმარებით სარგებლობდეს“

„წარმოდგენილი პროექტი მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილს ვერ გაზრდის, რადგან ეს არის მცირე ფერმერების გამოკვებისთვის გაცემული დახმარებები“,- აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი.

მისი თქმით, არსებობს რისკები, რომელსაც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით დაანონსებული დახმარებები გამოიწვევს და ამის მაგალითები ქვეყანამ არაერთხელ ნახა.

„ალბათ, ყველას ემახსოვრება, როდესაც ე.წ ვაუჩერების გაცემა დაიწყო, როგორ არამიზნობრივად ხდებოდა მისი გამოყენება ფერმერების მიერ. იღებდნენ ვაუჩერებს და შემდეგ მიდიოდა მისი გადაყიდვა. იგივე - საწვავთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში იგივე შეიძლება მოხდეს. ანუ, ეს ისეთი პროექტია, რომლის მიხედვითაც სოფლის მოსახლეობის კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ, რამდენად სწორად დაიხარჯება ის ასიგნებები, რომელიც სახელმწიფომ გამოყო. კონტროლის რა მექანიზმებია ამაში ჩადებული, ესეც ცალკე კითხვის ნიშნანია.

მაგალითისთვის, თუკი საუბარია, რომ ამ პროექტით სახელმწიფო წაახალისებს ფერმერებს, ვინც დარეგისტრირდება, ეს თავისთავად ძალიან კარგია, რომ როგორც იქნა, დავიწყეთ ბაზების შექმნა, მაგრამ თუ გვინდა, რომ მივიღოთ ბაზა, რომელსაც მომავალში დაეფუძნება მთლიანად მომავალი რეფორმები, ამ შემთხვევაში ეს ის ბაზა ვერ იქნება.

მე თუ მეტყვიან, რომ ფერმერი, რომელიც დარეგისტრირდება მიიღებს გარკვეულ სუბსიდიებს, გავეყოფი ოჯახს, დავანაწევრებ მიწას და მივიღებ ამ სარგებელს. ამ შემთხვევაში კი, ბაზაში მოხდება ქაოსი, რაც ერთხელ უკვე ვნახე. აჭარაში გვქონდა კონკრეტული პროექტი და როდესაც მას ვახორციელებდით ვნახეთ, რომ ერთსა და იმავე ნომერზე მიბმული იყო 12 ადამიანი. ანუ მიწა დაყვეს 12 ნაწილად იმისთვის, რომ სახელმწიფოსგან სარგებელი მიეღოთ. წარმოიდგინეთ, ჩვენ ის ქვეყანა ვარ, სადაც ფერმერს შეიძლება ჰყავდეს 67 მეწველი ძროხა და სარგებლობდეს სოციალური დახმარების პროგრამით. ესეც ნანახი მაქვს. შესაბამისად, მსგავსი ხარვეზები აქაც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში“,- ამბობს რუსუდან გიგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა უკვე წარადგინა. პროექტის მიხედვით დახმარება დაახლოებით, 200 000 ფერმერს შეეხება და სრული ბიუჯეტი 300 მილიონი ლარი იქნება.

ნინი ქეთელაური