მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის პროექტზე - დღეს პრემიერმა უსირცხვილოდ თქვა, რომ თურმე ქვეყნის პრიორიტეტი ფოთის პორტის განვითარებაა და ამდენი ხნის ნამუშევარი ერთი ხელის მოსმით გადახაზეს

პირობას გაძლევთ, რომ როგორც კი ამ ხელისუფლებას გავისტუმრებთ, ანაკლიის პორტის მშენებლობა განახლდება, - ამის შესახებ პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას განაცხადა. მამუკა ხაზარაძის თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღესაც ჰყავს კონკრეტული ინვესტორები, რომლებიც მზად არიან, გააგრძელონ პორტის მშენებლობა და უკვე შესრულებული სამუშაოებიდან გამომდინარე, უახლოეს კვირებშიც შეიძლება ამ პროექტის გაცოცხლება.

„მთელი კამპანია, რომელიც ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ იყო წარმოებული, იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე ერთი მხრივ, ანაკლიის გასაჩერებლად და პირდაპირ გეტყვით, მათ ეშინიათ ჩვენი, ეშინიათ, რომ არჩევნებს წააგებენ. დღეს პრემიერმა უსირცხვილოდ თქვა, რომ თურმე ქვეყნის პრიორიტეტი ფოთის პორტის განვითარებაა და ამდენი ხნის ნამუშევარი ერთი ხელის მოსმით გადახაზეს. მე პირობას გაძლევთ, რომ როგორც კი ამ ხელისუფლებას გავისტუმრებთ, აუცილებლად განახლდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და მის უკან ქალაქის მშენებლობა იმიტომ, რომ ესაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურად შემოტრიალების ლოკომოტივი",-აღნიშნა ხაზარაძემ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, აპირებს თუ არა კონსორციუმი, მიმართოს არბიტრაჟს მამუკა ხაზარაძე პასუხობს, რომ თუ მთავრობა თანამშრომლობის აღდგენის შესახებ კონსორციუმის შეთავაზებას არ მიიღებს, სავარაუდოდ კონსორციუმი არბიტრაჟს მიმართავს.

„თუ ეს შეთავაზება მიღებული არ იქნება, თუ არანაირი გამოხმაურება არ იქნება მთავრობისგან, კონსორციუმის ხელმძღვანელობა, ალბათ, გადაწყვეტს არბიტრაჟში შესვლას. მე აღარ წარმოვადგენ კონსორციუმს. მინდა წარმოიდგინოთ სიტუაცია, როდესაც ათეულ ათასობით ადამიანი ამ გაჭირვების დროს სამუშაოს კარგავს, როდესაც ინვესტორს 80 მილიონი დოლარი აქვს ჩადებული და ეუბნება, რომ მზად ვარ, გავაგრძელო ეს პროექტი, დაფინანსებაც არსებობს, ყველაფერი და მომეცი საშუალება, რომ გავაგრძელო და ამაზე პასუხობენ, რომ არათუ შეგხვდებით და განვიხილავთ, რა წინადადება გაქვთ, არამედ იმ 80 მილიონსაც წაგართმევთ და ახალ ტენდერს გამოვაცხადებ. მე მინდა ვუთხრა ამ უთავმოყვარეო მთავრობას, რისი იმედი გაქვთ, რა გაგიკეთებიათ და ახალ ინვესტორს რომ ეძებთ, ის ახალი ინვესტორი კითხვას ხომ დასვამს: იმ ხალხს 80 მილიონი წაართვით, ჩაადებინეთ და მოატყუეთ, ხომ შეიძლება იგივე ბედი გავიზიაროთ? ესაა ხალხის მოტყუება, რომ ერთი მხრივ, ამბობენ ანაკლია სტრატეგიული პროექტია და მეორე მხრივ, ათი ხელით ებრძვიან ამას. ჩვენ თუ გვინდა ქვეყნის ეკონომიკური შემოტრიალება, თუ გვინდა რომ სისხლძარღვები გავხსნათ ამ ქვეყანაში, ამას სჭირდება ანაკლიის პორტის და მის უკან ქალაქის მშენებლობის დაწყება. გვინდა ანაკლიის პოტი და განვითარება? ეს მთავრობა უნდა გავუშვათ სახლში, სხვა გამოსავალი არ არის“, - აცხადებს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც საარბიტრაჟო დავას დროებით წყვეტს და ხელისუფლებას შეთანხმებისკენ მოუწოდებს.

კონსორციუმის განცხადებას გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აღნიშნა, რომ მთავრობას არ აქვს საფუძველი მერვედ ენდოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ და ეს საკითხი დახურულია. დღესვე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საუბრისას საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "საპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები უნდა გავაძლიეროთ და ფოთის პორტი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს".