"თუ კორონავირუსის გავრცელება ფართო მასშტაბის იქნება, ზუგდიდის ჩაკეტვის საკითხი დადგება დღის წესრიგში"

სანეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია კორონავირუსის გავრცელების გამო, ზუგდიდის ჩაკეტვას არ გამორიცხავს.მოწერელიას თქმით, თუ ვირუსის გავრცელებას ფართო მასშტაბი ექნება, საკითხი დღის წესრიგში დადგება.

„პირველ რიგში, ეს არის გადასაწყვეტი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ, ამდენად, ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი, რთული სათქმელია, თუმცა თუ გავრცელება იქნება ფართო მასშტაბის, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში. დღეის მონაცემებით, ყველა ის ინფიცირებული - ტრაილერის მძღოლის კლასტერის კონტაქტები, პრაქტიკულად, ჯერჯერიბით არის მიკვლევადი. შესაბამისად, ეს ადამიანები გადაგვყავს კარანტინში. როდესაც გვექნება შემთხვევა, როცა ვერ დადგინდება კონტაქტები, მაშინ, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ზომების გამკაცრების დღის წესრიგში დაყენება. ჩვენ ჯანდაცვის მუშაკების ყველა რეკომენდაციებს და მითითებებს გავითვალისწინებთ“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ამასთანავე, მისი ინფორმაციით, რეგიონში ამ ეტაპზე 10 კოვიდინფიცირებული პაციენტია, აქედან 6 არის ე.წ მძღოლის კლასტერიდან.

„რა თქმა უნდა, ამ 6 ადამიანის კონტაქტების შემოწმება ხდება. იქ სადაც ჩვენი მედიკოსები მიიჩნევენ რომ ეს ხალხი უნდა იყოს გადაყვანილი კარანტინსა ან თვითიზოლაციაში, ყველა ეს ღონისძიება ხორციელდება. გავმეორდები, ჯერჯერობით ეს კონტაქტები არის მიკველვადი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი", -განაცხადა ალექსანდე მოწერელიამ.