„ლელო“ ონში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ექსპერტიზებს და რაჭის დაცული ტერიტორიების ეროვნულ პარკად გამოცხადებას მოითხოვს

„ლელო საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, რომ რაჭის დაცული ტერიტორიები ეროვნულ პარკად გამოცხადდეს. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში ჰესების კასკადების მშენებლობასთან დაკავშირებით გაიმართა.

გალდავას განცხადებით, „ლელო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველა მსგავსი პროექტის განხილვისას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილი იყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების საერთაშორისო დასკვნები.

„ჩვენ არ ვართ ზოგადად მასშტაბური ინფრასტრუქტურული, მათ შორის, ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგი, მაგრამ გამოვდივართ რა მოსაზრებიდან - მართებული ჰესი, მართებულ ადგილას, საგანგაშოდ მივიჩნევთ ამა წლის 17 მარტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ პანდემიის პირობებში, რამდენიმე დღით ადრე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან გაცემულ ნებართვას ონის რაიონში ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა მსგავსი პროექტის განხილვის დროს, იქნება ეს რაჭის პროექტები, პროექტები ხადას ხეობაში, ბახმაროში თუ ისტორიულად სხვა მნიშვნელოვან და დაცულ ტერიტორიებზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილი იყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების საერთაშორისო დასკვნები, საერთაშორისო ექსპერტიზები. ყველა საკითხი აუცილებელია, რომ გავლილი იყოს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად და „ლელო“ გამოდის ინიციატივით, დაცული ტერიტორიები, რაჭის განსაკუთრებული ბუნება გამოცხადდეს ეროვნულ პარკად“,- განაცხადა ლანა გალდავამ.