არჩილ თალაკვაძე შეზღუდვების შესახებ კანონპროექტზე - ცვლილებები, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს, აზუსტებს, თუ როგორ უნდა განხორცილდეს შეზღუდვები და პრევენციული ზომები

კარგი იქნებოდა, თქვენს გამოსვლამდე კიდევ ერთხელ გადაგეხედათ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქციისთვის, რომელსაც სხვათაშორის თქვენთვის ძალიან ნაცნობი ადამიანი აწერს ხელს, თქვენთვის ძალიან ნაცნობ წლებში, - ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს მიმართა. როგორც მან აღნიშნა, პოზიცია, რომელსაც რომან გოცირიძე საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ აფიქსირებს, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, რომელსაც არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია.

„ცვლილებები, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს, აზუსტებს და დღევანდელ მოცემულობაში განმარტავს, თუ როგორ უნდა განხორცილდეს ეს შეზღუდვები და პრევენციული ზომები, რომელიც დღეისათვის ჩვენ გვჭირდება. ეს უბრალოდ იმისთვის, რომ დავასრულოთ ის აპოკალიპტური პროგნოზები, რომელიც თქვენ აქ გააკეთეთ. მესმის, რომ თქვენი პოზიცია სუბიექტურია და თქვენი პარტიის პოზიცია არის თქვენი ფრაქციის პოზიცია, მე პატივს ვცემ თქვენს პოზიციას, მაგრამ ამ პატივისცემის ფარგლებში, მინდა დაგიმტკიცოთ, რომ თქვენ სუფთა მანიპულაციას აკეთებთ დღეს ამ სხდომაზე და სარგებლობთ იმ მანდატით, რომელიც თქვენ გაქვთ პარლამენტში. ამის დასადასტურებლად არსებობს ძალიან მარტივი ტესტი: თვლით თუ არა თქვენ, რომ შეზღუდვები საჭიროა და მიგაჩნიათ, თუ არა, რომ სისტემურმა შეზღუდვებმა, რომელიც მთავრობამ და ხელისუფლებამ გააკეთა, შედეგი გამოიღო?“- მიმართა თალაკვაძემ ოპოზიცინერ დეპუტატს.

თავის მხრივ, რომან გოცირიძემ თალაკვაძეს უპასუხა, რომ მას აქვს მოსაზრება იმის თაობაზე, კონკრეტულად რომელმა შეზღუდვამ გაამართლა და რომელმა - არა.

„პარლამენტის გარეშე არ უნდა გქონდეთ ერთი ხელის მოსმით ეკონომიკის ჩაკეტვის საშუალება,“- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.