უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე კიდევ ერთი ქართველი დაინიშნა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, ამიერიდან უკრაინაში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
20 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბერში შეიქმნება საინვესტიციო ოფისი, რომელსაც ვარშალომიძე უხელმძღვანელებს.
"ოფისი სექტემბრის ბოლოს გაიხსნება და მის ხელმძღვანელად ბატონი ვარშალომიძე ავირჩიეთ, რომელიც აშენებდა ბათუმს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ იმუშავებს გამჭვირვალე საინვესტიციო ოფისი და მოიზიდავს ინვესტიციებს" - განაცხადა ზელენსკიმ.
ალბათ, ბევრს გაუჩნდა შეკითხვა ვინ არის ლევან ვარშალომიძე, რომელმაც ააშენა ბათუმი - წერს უკრაინული გამოცემა 112.ua და ქართველი პოლიტიკოსის წარსულზე უამბობს მკითხველს.
"საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი და ახლო მეგობარი, მათ ერთად დაამთავრეს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით.
ვარშალომიძე 2004-2012 წლებში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. ის მას შემდეგ დაინიშნა რეგიონში, რაც აჭარამ უმძიმესი პერიოდი გადაიტანა - 2004 წელს, რეგიონის ხელმძღვანელმა ასლან აბაშიძემ შეიარაღებული გადატრიალების მოწყობა სცადა, რის შემდეგაც მოსკოვში გაიქცა.
ვარშალომიძის მოღვაწეობის პერიოდში, ბათუმი გახდა საქართველოს ყველაზე სწრაფადგანვითარებული ქალაქი - აქ აშენდა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, დაიწყო მშენებლობები და ტურისტული ბუმი. ამ დრომდე, ბათუმი ლიდერობს განვითარების დიდი პოტენციალის მქონე ტურისტულ ცენტრებს შორის. იხილეთ სრულად