მინისტრის მოადგილე - გიორგი ვაშაძეს დიზელის ფასზე საზოგადოება შეცდომაში შეგნებულად შეჰყავს

გიორგი ვაშაძეს შეგნებულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, შეგნებულად საუბრობს და აქცენტს აკეთებს იმ 16 თეთრზე, რომელიც აკლდება დამატებით კონსოლიდირებული ტენდერის ფასთან შედარებით გასაყიდ ფასს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.

როგორც ხანიშვილმა განმარტა, რეალობა არის სულ სხვა და უკვე 2 დღის განმავლობაში მოსახლეობამ, 2 156 000 ლიტრი საწვავის ტალონი შეიძინა.

„მინდა გულწრფელად ვურჩიო გიორგი ვაშაძეს, ან ეკონომისტები დაიყენოს გვერდში ან ადამიანები, რომლებსაც შეეძლებათ ელემენტარული არითმეტიკული გათვლების გაკეთება, რადგან ბენზინგასამართ სადურებზე დიზელის საწვავი ღირს, 2,06 ლარი, 2 ლარი, 2,05 ლარი, სხვადასხვა რაიონში საწვავზე განსხვავებული ფასია, ტალონის მფლობელ ფერმერს შეუძლია შეიძინოს საწვავი დაახლოებით 1,07 თეთრიდან 1,15 ლარის ჩათვლით, როგორ არის აქ 16- თეთრიანი სხვაობა თუ ამიხსნის ძალიან მადლობელი დავრჩები. რეალობა არის სულ სხვა, საქართველოს მოსახლეობამ 2 დღეში უკვე შეიძინა 2 156 000 ლიტრი საწვავის ტალონი. ეს ტალონები არის 62 000 ცალობაში და თვითონ ფერმერი ბენეფიციარი, ვინც უკვე შეიძინა, არის 4 000-ზე მეტი. ეს არის პასუხი იმ არაკომპეტენტურ განცხადებაზე, რომელიც სამწუხაროდ, გააკეთა ბატონმა ვაშაძემ. გიორგი ვაშაძეს შეგნებულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, შეგნებულად საუბრობს და აქცენტს აკეთებს იმ 16 თეთრზე, რომელიც აკლდება დამატებით კონსოლიდირებული ტენდერის ფასთან შედარებით გასაყიდ ფასს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ დღეს დიზელის საწვავთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „გიორგი გახარია ტელევიზიაში პრანჭვით არის დაკავებული, სოფლის მოსახლეობას 3-4-ჯერ მეტი დანახარჯის გაწევა უწევს მინდობილობის მიღებაზე და დიზელზე 16-თეთრიან ფასდაკლებაზე“, - განაცხადა ვაშაძემ.