საალუტო ჯიხურები გახსნისთვის ემზადებიან - „შემოწმებული ობიექტები COVID-19-ის რეგულაციებს სრულად აკმაყოფილებს“

საქართველოში მოქმედი სავალუტო ჯიხურები გახსნისთვის ემზადებიან. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის დირექტორმა ნინო ქავთარაძემ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ სავალუტო ჯიხურების 40% უკვე შეამოწმა და ყველა მათგანი სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს/რეგუაციებს სრულად აკმაყოფილებს.

„საქართველოში მოქმედებს 800 სავალუტო ჯიხური, აქედან ჯანდაცვის სამინისტრომ დაახლოებით 40% უკვე შეამოწმა და ყველა მათგანი ჯანდაცვის სამინისტროს COVID-19-ის რეგულაციებს სრულად აკმაყოფილებს. განაცხადი შემოწმებაზე ყველა სავალუტო ჯიხურიდან არის გაგზავნილი, თუმცა დროში ვერ ესწრება მათი შემოწმება და სპეციალური ნებართვის მიცემა. როდესაც მუშაობის უფლება მიეცემათ სავალუტო ჯიხურებს, სამინისტრო დანარჩენსაც ეტაპობრივად შეამოწმებს.

თუმცა კონკრეტული თარიღი, როდის მოგვეცემა მუშაობის უფლების დაწყება, ამ დროისთვის არ ვიცით და ველოდებით მთავრობის დაგაწყვეტილებას. ჩვენ გახსნისთვის მზად ვართ “, - განუცხადა ნინო ქავთარაძემ „ბიზნესპრესნიუსს.

შეგახსნებეთ, რომ სავალუტო ჯიხურებს საქმიანობა 2020 წლის 31 მარტიდან შეეზღუდათ. როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში აცხადებდნენ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ან მთავრობის შემდგომ დადგენილებამდე ვერ გააგრძელებდნენ. საგანგებო მდგომარეობა 23 მაისის 00:00 საათიდან იხსნება, შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ ხვალიდან შეზღუდვა სავალუტო ჯიხურების მუშაობაზეც მოიხსნას. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ისინი მუშაობის გასაგრძელებლად უკვე მზად არიან.