"ითქვა, რომ სატრანსპორტო საშუალებებში შეუზღუდავად იქნება მგზავრების მიღება, რაც ძალიან შემაშფოთებელია"

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით დისტანციის დაცვა, როგორც უპირველესი რეკომენდაცია, დღეს ნახსენები არ ყოფილა.

როგორც ლალიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების აღდგენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მეტი მზაობაა საჭირო.

„მისასალმებელია, რომ ხელისუფლებას ხალხის ხმა ესმის და ეცადა, დროულად მიეღო გადაწყვეტილება, თუმცა იმისთვის, რომ ეს უსაფრთხოება შევინარჩუნოთ, რაც აქამდე ყველამ ერთად მოვიტანეთ, საჭიროა დისტანციის დაცვა, რაც აქამდე პირველ რიგში გვესმოდა. ცოტა გასაკვირია, რომ დღეს ტრანსპორტში დისტანციის დაცვა არაა ნომერ პირველი რეკომენდაცია და ითქვა, რომ სატრანსპორტო საშუალებებში შეუზღუდავად იქნება მგზავრების მიღება. ეს ძალიან შემაშფოთებელია და დიდი იმედი მაქვს, ეს რეკომენდაციები გადაიხედება და მეტი მზაობა იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით. სიახლე არაა, რომ დისტანცია დაცული უნდა იყოს, ამას წინათაც გაჟღერდა, რომ უნდა იყოს იმაზე ნაკლები მგზავრი, ვიდრე იტევს ტრანსპორტი, დიაგონალურად უნდა ისხდნენ მგზავრები და არა - გვერდიგვერდ და ა.შ. ანუ გამოდიოდა, რომ სატრანსპორტო საშუალება მოემსახურებოდა თუ ნახევარს არა, იმაზე ბევრად ნაკლებ მგზავრს მაინც, ვიდრე შევსების შემთხვევაში. აქ მთავარი უსაფრთხოებაა, ამის გაკეთება შესაძლებელი იყო და ყოველთვის შესაძლებელია, უბრალოდ, ვფიქრობ, მეტი აქცენტები, მეტად ჩამოყალიბებული პოზიციები და გეგმები გვჭირდება“, - განაცხადა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ.

როგორც ლალიაშვილმა აღნიშნა, გრძელვადიან პერსპექტივაში რთულად წარმოსადგენია, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს სატრანსპორტო საშუალებებში, განსაკუთრებით, სამარშრუტო ტაქსებში უსაფრთხოების წესების დაცვა.

„არ იყო აუცილებელი, ყველაფერი ერთად გაგვეხსნა, თუმცა რახან ეს ნაბიჯი გადავდგით, ახლა მეტად მნიშვნელოვანია, დაჩქარებულ ტემპში დავრწმუნდეთ იმაში, რომ ეს კერძო კომპანიები, მიკროავტობუსების მფლობელები მზად არიან შემდეგი რეკომენდაციებისთვის: დეზინფექცია, მზაობა, იმ ადგილების მინიშნება, სადაც მგზავრები უნდა დასხდნენ. შესაძლოა, პირველ ეტაპზე პოლიციის მიერ ეს საკითხები გაკონტროლდეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოუდგენელია, ვინმემ გააკონტროლოს, მგზავრები ფეხზე დგანან თუ არა, სატრანსპორტო საშუალებები გადატვირთულია თუ არა. ეს საკითხი ძალიან რთულად მეჩვენება, განსაკუთრებით მიკროავტობუსებში, სადაც ძალიან პატარა სივრცეა. ავტობუსებში შედარებით მარტივი იქნება, რადგან ის ინფრასტრუქტურულად ყველა წესის, მათ შორის, დისტანციის დაცვის საშუალებას გვაძლევს. არაა სასურველი, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების გამო რაიმე საფრთხე შეექმნას სატრანსპორტო სფეროს და მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ლალიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება.