პრემიერის განცხადებით, მთავრობა განიხილავს, რომ თბილისის მერიის პროგრამა, რომელიც 2013 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს, მთელ ქვეყანაზე გავრცელდეს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა განიხილავს, რომ თბილისის მერიის პროგრამა, რომელიც 2013 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის კონკრეტული შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს, მთელ ქვეყანაზე გავრცელდეს.

როგორც პრემიერმა დეველოპერებისთვის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, ამ დრომდე 9 პროექტი დაკმაყოფილდა, 30 პროექტი კი განხილვაშია.

“არ შემიძლია ხაზგასმით არ აღვნიშნო მერიის იმ პროგრამაზე, რომელიც ვფიქრობთ, რომ გავავრცელოთ მთელ ქვეყანაზე, 2013 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის კონკრეტული შეღავათების გაკეთება. მე ვიცი, რომ 9 პროექტი უკვე განხილულია და დაკმაყოფილებულია და ეს დაახლოებით 3500 ოჯახზეა და უკვე განხილვაშია 30 პროექტზე მეტი. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის ხალხია, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში რაღაც ხარჯი გაიღო, ელოდებოდა, რომ სამშენებლო პირობებს გაიუმჯობესებდა, საკუთრება ექნებოდა, ბინა, საცხოვრებელი ადგილი ექნებოდა და სამწუხაროდ, აი, ასე... განსაკუთრებით ეს ეხება 2008 წლის კრიზისის შემდგომ დამძიმებულ მდგომარეობას და კრიზისში შესულ სამშენებლო კომპანიებს”, - განაცხადა პრემიერმა.