სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების ობიექტებისთვის სავალდებულო რეკომენდაციები შეიმუშავა

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესსექტორს იმ სავალდებულო რეკომენდაციებს აცნობს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ, სააგენტოს ჩართულობით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის შეიმუშავა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კვების ობიექტებს ეკისრებათ ვალდებულება, შესასვლელშივე ჩაატარონ პერსონალისა და მომხმარებლის თერმო ან ვიდეოსკრინინგი; შესასვლელში განათავსონ დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით; პერიოდულად (არანაკლებ სამსაათიანი ინტერვალით) გაანიავონ დახურული სივრცეები/სათავსები; პერსონალი უზრუნველყონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, თავსაბურავი, ხელთათმანი, პირბადე, დამცავი ფარი ან სათვალე) და დააწესონ კონტროლი მათ გამოყენებაზე. კვების ობიექტებმა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის უნდა განათავსონ დახურული კონტეინერები; გაზრდილი სიხშირით გაირეცხოს და დეზინფიცირდეს ის ზედაპირები და ინვენტარი, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან; სტუმრებისთვის გამოიყენონ ბეჭდური (ერთჯერადი) ან ელექტრონული მენიუ, უპირატესობა მიანიჭონ უნაღდო ანგარიშსწორებას (ბარათი); გაკონტროლდეს პერსონალისა და მომხმარებელთა რაოდენობა და სოციალური დისტანცია; მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით სალაროსთან მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი; ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყონ წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით ან გამოიყოს მოსაცდელი ადგილი.

„პირველი ივნისიდან იხსნება ღია ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხოლო 8 ივნისიდან ფუნქციონირებას განაახლებენ დახურული ტიპის ობიექტები. რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.