თუ ოდესმე ვინმეს სამეგრელოსკენ გაუწია გული, აუცილებლად დააინტერესებდა ისტორიული ბოტანიკური ბაღი, რომლის ეზოშიც დადიანების საგვარეულო ისტორიული სასახლე და ეკლესია მდებარეობს.
თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
სხვადასხვა ხელისუფლება 25 ჰექტარზე განთავსებულ ბაღში ჩასატარებელი სამუშაოების აუცილებლობაზე საუბრობდა, თუმცა წლების განმავლობაში ქალაქისა და ქვეყნის საგანძური ძარცვის, ყაჩაღობისა და კრიმინალური გარჩევების ბუდე იყო. ალბათ ამიტომაც რესტავრირებული ბაღის ნახვა შესასვლელიდანვე ძალიან ემოციური იყო ჩემთვის.
ცუდი ამინდის მიუხედავად, ძალზე გემოვნებით შესრულებულ სარეაბლიტიციო სამუშაოებს, რომელიც ბუნებრივ სილამაზეს ჰარმონიულად აგვირგვინებს, უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა. ბაღში სარეკონსტრუციო სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყო. ამასთან, 300 ძირი ახალი მცენარე დარგეს, მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები. აშენდა სამი საპირფარეშო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ხელოვნურ ტბას, ადმინისტრაციის შენობას და ორანჟერეასაც...
ახლახან ბაღს ფარშავანგებიც აჩუქეს. ამ სახეობის ფრინველი წლების განმავლობაში ალამაზებდა ოქაურობას, ისევე როგორც გედები, რომლებიც ხელოვნურ ტბაში ბინადრობდნენ, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ისინი 90-იანი წლებში შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა დახოცეს.
სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი კი, მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა და მისი ღირებულება 12 მილიონი ლარია. ადგილობრივებისა და დამთვალიერებლების თქმით, ახლა მთავარია, მისი მოვლა და შესრულებული სამუშაოების შენარჩუნება.
“არც ისე დიდი ხნის წინ, ქუჩებიც გარემონტდა, მის ხარისხზე არ ვდაობთ, მაგრამ თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე წაშლილია ზებრა გადასასვლელები და თუ ადამიანმა ზეპირად არ იცის, სად არის ქვეითთა გადასასვლელი, ვერც მიაგნებს. იმედია, რეკონსტრუირებული ბაღის მონიტორინგი მოხდება" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. იხილეთ სრულად