კონსტანცა-ბათუმი-ილიჩევსკის ნავსადგურებს შორის ახალი საბორნე ხაზის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში კონსტანცა-ბათუმი-ილიჩევსკის ნავსადგურებს შორის ახალი საბორნე ხაზის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ილია გიორგაძე ესწრებოდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბორნე ხაზის ოპერირებას უკრაინული კომპანია ,,უკრფერი" განახორციელებს. საბორნე ხაზს მოემსახურება შერეული ტიპის (სამგზავრო/სარკინიგზე/ღო-ღო) ბორანი ,,გრეიფსვალდი" (ტევადობა: 50 სატვირთო ავტომობილი, 50 ვაგონი, 150 მგზავრი). მიმოსვლა იწარმოებს კვირაში 1 ან 2 სიხშირით. კონსტანცასა და ბათუმის ნავსადგურებს შორის პირდაპირი საბორნე მიმოსვლის აღდგენას წინ უძღოდა ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება - "რუმინეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის საბორნე ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ". დოკუმენტს ხელი მოეწერა 2013 წლის 24 ოქტომბერს ქ. თბილისში.

"პირდაპირი საბორნე მიმოსვლის აღდგენა კონსტანცას, ბათუმისა და ილიჩევსკის ნავსადგურებს შორის ხელს შეუწყობს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტოს დერეფნის განვითარებასა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის რეალიზებას", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.