ქალების წვლილი COVID-19-ის დროს ბიზნესების განვითარებასა და კრიზისების დაძლევაში - რატომ არის მათი ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვანი?

ბევრი ჩვენგანი ადევნებს თვალს UN Women Georgia-ს (გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია) საინტერესო პროექტს - „ქალები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე“, რომლის ფარგლებშიც გავიცანით როგორც სამედიცინო პერსონალი, ისე დიასახლისები, მომსახურების სფეროში, მენეჯმენტის მიმართულებით დასაქმებული და სხვა მიმართულებებით დაკავებული ქალები.

შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ისინი შრომას აგრძელებენ და ხშირად, იმაზე მეტ ძალისხმევასაც ხარჯავენ, ვიდრე აქამდე. კრიზისთან გამკლავებაში თითოეული მათგანი თავის აგურს დებს და მათი უმეტესობა სანაცვლოდ არაფერს ითხოვს.

კარგ ლიდერობას გენდერი არ განსაზღვრავს, რადგან ამისათვის პიროვნული უნარები, ცოდნა და ძლიერი ხასიათია საჭირო. დღეს, შექმნილია მთელი რიგი პროექტები, რომლებიც ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება, რადგან სხვადასხვა დროს დამკვიდრებული შეხედულებების გამო, „მმართველ ძალად“ კაცები ითვლებოდნენ, ქალები კი რიგ შემთხვევებში, გადაწყვეტილების მიმღებთა ზურგს ამაგრებდნენ.

აპრილში გამოცემა „გარდიანმა“ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სახელწოდებით „საიდუმლო იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში - ქალები“. სტატიის ავტორმა დასვა კითხვა: „რა საერთო აქვთ გერმანიას, ტაივანსა და ახალ ზელანდიას?“

- „კარგი, მათ ყველას ქალი ლიდერი მართავს და კორონავირუსთან ბრძოლაში სამივე გამორჩეულ საქმეს აკეთებს“, - პასუხობს ავტორი და მიმოიხილავს სამივე ქვეყნის წარმატებას COVID-19-თან ბრძოლაში.

გენდერული ბარიერების მოსახსნელად და საზოგადოების მეტად ინფორმირებისთვის მკვლევარებისა და ფსიქოლოგების ნაწილი გამოყოფს საჭირო უნარებს, რომელსაც ქალები ბიზნესში ავლენენ. ერთ-ერთი ასეთი შეფასების თანახმად, გამოიკვეთა 4 რამ, რომელიც მათ წარმატებულს ხდის:

კომუნიკაცია

„ფორბსის“ თანახმად, ქალებს კომუნიკაციის კუთხით სამი განსაკუთრებული უნარი აქვთ: სხეულის ენის წაკითხვის, ყურადღებით მოსმენის და კარგად წარმოჩენისა და ემპათიის უნარები.

ათეულობით წლის განმავლობაში გვასწავლიდნენ, რომ სოციალურად მისაღებია, როცა ქალი ემოციებს უფრო მეტად გამოხატავს, ვიდრე კაცი. დღეს, ფსიქოლოგები ბავშვებთან ამის ხაზგასმას არ გვირჩევენ, თუმცა, „ფორბსის“ თანახმად, მათ, ვისაც ეს უკვე კარგად ჩაგვიბეჭდეს გონებაში, სამუშაო ადგილზე თანამშრომლებთან ინფორმაციის გაზიარების, გამჭვირვალობისა და ნდობის კუთხით უკეთესი შედეგები შეიძლება გვქონდეს.

ურთიერთობების აგება

„ანტრეპრენერის“ თანახმად, „თუ გინდა, წარმატებული ბიზნესი ააგო, 3 ტიპის აუდიტორიასთან ურთიერთობების აწყობაზე უნდა ფოკუსირდე. ესენი არიან შენი მომხმარებლები, ე.წ ინფლუენსერები და შენი კონკურენტები“. ჩვენ ვიყენებთ სოციალურ უნარებს, რომ კოლეგებთან ნდობა მოვიპოვოთ და პარტნიორებთან სამომავლო გეგმებზე ვიფიქროთ.

გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ქალებს გარშემო უფრო მეტი ადამიანის „შემოკრება“ უყვართ. ისინი მეტად ისმენენ სხვის პრობლემებს, უზიარებენ ინფორმაციას და ამ გზით ცდილობენ პრობლემების გადაჭრას.

პრობლემების გადაჭრის უნარი

ლიდერის კარიერა ფაქტობრივად, ამ უნარის ქონა-არქონაზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი კვლევის თანახმად (Caliper Study), ქალი ლიდერები უფრო მტკიცე და დამაჯერებლები არიან, მაღალი მოთხოვნილება აქვთ, საქმე უნაკლოდ შეასრულონ და კაცებზე მეტად გარისკონ.

ემოციური ინტელექტი

Psychology Today-ს ინფორმაციით, ემოციური ინტელექტი ოთხი ნაწილისგან შედგება: თვითშეფასება, ემოციების მართვა, ემპათია და სოციალური უნარები.

ემოციური ინტელექტის საკითხი გასათვალისწინებელია როგორც ქალი, ისე კაცი მენეჯერის შემთხვევაში. როცა ემოციური ინტელექტის ჭრილში ქალზე ვსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ მის ემპათიასა და სოციალურ უნარებს, რაც კომპლექსურ სიტუაციაში ლიდერს ძალიან ეხმარება.

COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე სხვებთან ერთად, აღმოჩნდნენ ქალები, რომლებიც ბიზნესის წარმატებასა და მდგრადობაზე არიან პასუხისმგებელი. შეიძლება ისინი კომპანიების ლიდერებს სულაც არ წარმოადგენენ, მაგრამ რეალურად, მთავარ მამოძრავებელ ძალად შეიძლება ჩაითვალონ.

ცხადია, მათი საქმიანობა საზოგადოებისთვის უკეთ ხდება ცნობილი, თუ იმ კომპანიებში არიან დასაქმებულები, რომელიც მსოფლიო ბაზარს ფარავს, თუმცა არ შეიძლება არ ვისაუბროთ მათ თავდადებულ შრომაზე თუნდაც იმ კომპანიებში, რომლებიც მხოლოდ ქართულ ბაზარზე ოპერირებენ და მილიარდობით ბრუნვა არ აქვთ.

თეონა ჭანტურია და ქეთი ანთია კომპანია MBC-დან სწორედ ასეთ ქალ მენეჯერებს შორის არიან. საქართველოში COVID-19-თან საბრძოლველად რამდენიმე კვირის განმავლობაში კომპანიებს ახალ რეალობაზე მოუწიათ გადაწყობა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნაწილი ძირითადად კრიზისის დაძლევის რეჟიმზე იყო გადართული, თეონამ და ქეთიმ გამონახეს გზა, თავიანთი თანამშრომლების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ეზრუნათ, მიუხედავად იმისა, რომ ამის პასუხისმგებლობას სამსახური არ აკისრებდათ.

თეონა ჭანტურიამ ონლაინ-რეჟიმში თანამშრომლებისთვის შრომის კმაყოფილებასა და გაყიდვებთან დაკავშირებულ ტრენინგს გაუწია ორგანიზება, ასევე დაიწყო ონლაინ-პროექტი Talk , რომელიც ვებინარების საგანმანათლებლო პლატფორმას წარმოადგენს და მას ფასილიტაციას კომპანია „ემბისის“ დირექტორი გიორგი ღვალაძე უწევს. ქეთი ანთიამ კი საოპერაციოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და მოტივაციისთვის ცნობილი სპიკერები, ქოუჩები და ტრენერები მოიწვია.

„მოულოდნელმა კრიზისმა ბევრი რამ შეცვალა. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია, მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს შინაგან რესურსებს, მოვახდინოთ გამოცდილების რეფორმირება და სრული კონცენტრაცია, რათა სწორად და ეფექტურად დავძლიოთ გამოწვევები. დღეს ის დროა, როცა თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. თანამშრომლების განვითარება კი ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ეს არის ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მიმართულია კვალიფიკაციის ამაღლებასა და თანამშრომლების ფსიქოლოგიური მახასიათებლების გაუმჯობესებისთვის, მათი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის, რაც განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას დღეს და წარმატებულ მომავალზე ორიენტაციას“, - აღნიშნავს ქეთი ანთია.

„მას შემდეგ, რაც COVID-19 გამო დისტაცნიურ სამუშაო გარემოზე მოგვიხდა გადასვლა ,აუცილებლად მივიჩნიეთ თანამშრომელთა ყურადღება მაქსიმალურად მიგვემართა პანდემიის პერიოდში არსებულ შესაძლებლობებზე, რათა შეგვემცირებინა მიმდინარე მდგომარეობით გამოწვეული სტრესის დონე. დისტანციური სამუშაო პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ეფექტური კომუნიკაციის დონისა და გუნდურობის შეგრძნების შემცირებაა. მიმდინარე გამოწვევების ფონზე საკრედიტო დეპარტამენტმა - გუნდის ხელმძღვანელი აღნიშნული მიმართულებით ვარ თავად - წამოვიწყეთ მასშტაბური შიდა ონლაინ პროექტების სერია, რომელიც მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი ეფექტის მატარებელია როგორც ორგანიზაციისათვის ასევე მასში ჩართული თითოეული თანამშრომლისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მდგრადი პროექტების განხორციელება და სწორედ ამიტომ შიდა ტრენინგების სერია გაგრძელდება მომავალშიც”, - განმარტა თეონა ჭანტურიამ, გარე და დისტანციური გაყიდვების მენეჯერმა.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის გამო არსებული რეგულაციების მოხსნის შემდეგ, ისინი არსებული პროექტების შეწყვეტას არ აპირებენ.

სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერება და მათი „მზრუნველობითი უნარები“ კომპანიებს განვითარებაში კიდევ უფრო ეხმარებათ - როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესების შემთხვევაში, თეონა ჭანტურიასა და ქეთი ანთიას მაგალითიც სწორედ ამის მანიშნებელია.