დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის წესის დარღვევაზე 100-ლარიანი ჯარიმა "ბევრი იქნება"

ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის წესის დარღვევაზე 100- ლარიანი ჯარიმა "ბევრი იქნება".

"ჯარიმა უნდა იყოს იმდაგვარი, რომ მიზანს აღწევდეს და არა ის, რომ ადამიანები ფინანსურ პრობლემებში შევიდნენ. 100 ლარი, მე მგონია, რომ ბევრი იქნება,"- განაცხადა ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმა მაქსიმუმ 100 ლარის ფარგლებში განისაზღვრება.როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, კანონმდებლების მხრიდან შემდეგი მიდგომა განიხილება: ფიზიკური პირებისთვის პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმის ოდენობა არ აღემატებოდეს საშუალო ხელფასის მეათედს, კერძო კომპანიებისა და იურიდიული პირებისთვის კი ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს საშუალო ხელფასის მთლიანი ოდენობით.