Pandora წარმოებაში მხოლოდ გადამუშავებულ ოქროსა და ვერცხლს გამოიყენებს

საიუველირო ნაკეთობების უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში, დანიური კომპანია Pandora 2025 წლიდან მის წარმოებაში მხოლოდ გადამუშავებულ ოქროსა და ვერცხლს გამოიყენებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ვერცხლი და ოქრო შესანიშნავი საიუველირო მასალაა, რომლის გადამუშავება შეუზღუდავად შეიძლება და თანაც, ისე, რომ ხარისხი არ დაიკარგოს. ასწლეულების წინ მოპოვებული ლითონი ისეთივე კარგია, როგორც ახალი. ფერს არასოდეს დაკარგავს და არასოდეს გაფუჭდება“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრ ლაჩიკმა.

დღეს პანდორას აქსესუარების 71% გადამუშავებული ლითონისგან მზადდება. ასეთ მასალაზე სრული გადასვლა ატმოსფეროში CO2-ის გამოყოფას ვერცხლის შემთხვევაში 2/3-ით, ოქროს შემთხვევაში კი 99%-ით შეამცირებს.

წარმოებაში გადამუშავებული ნედლეულის გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ დანიაში Pandor-ას აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა, კომპანიის საბაზრო ღირებულებამ კი 33,37 მილიარდ კრონს მიაღწია.

Pandora 1982 წელს, კოპენჰაგენში დაარსდა. ყველაზე დიდი პოპულარობით ბრენდის სამაჯურები სარგებლობს. კომპანია წლის განმავლობაში წარმოებაში იყენებს 340 ტონა ვერცხლს და 300 ტონა ოქროს. კომპანია აპირებს, უზრუნველყოს, რომ ყველა მისი მომწოდებელი მთლიანად გადამუშავებულ ძვირფას ლითონებზე გადავიდეს.