აპრილში ევროზონაში საცალო გაყიდვები რეკორდული ტემპით შემცირდა

აპრილში ევროზონაში საცალო გაყიდვები რეკორდული ტემპით შემცირდა, თუმცა არა იმდენად მკვეთრად, როგორც ნავარაუდევი იყო. „ევროსტატის“ მონაცემებით, ევროზონის 19 ქვეყანაში საცალო ვაჭრობა აპრილში წინა თვესთან შედარებით 11,7% -ით დაეცა, წლიური თვალსაზრისით კი საცალო გაყიდვები 19.6% -ით შემცირდა. ეს შემცირება ყველაზე მაღალი იყო 1999 წლის შემდეგ, რაც ასეთი მონაცემების შეკრება დაიწყო.

აპრილში ევროზონაში სურსათის, სასმელების და თამბაქოს გაყიდვები შემცირდა 5.5% -ით; არასასურსათო პროდუქტების - 17% -ით; ქსოვილების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის 20.9% -ით; საავტომობილო საწვავის კი 27,7%-ით დაეცა.

იმავდროულად, 2020 წლის აპრილში ფოსტით და ინტერნეტით გაყიდვები გაიზარდა 10.9%-ით.

რაც შეეხება მთლიანად ევროკავშირს, „ევროსტატის“ მონაცემებით აპრილში 27 ქვეყანაში საცალო ვაჭრობა წინა თვესთან შედარებით 11,1%-ით, წინა წელთან შედარებით კი 18% -ით შემცირდა.