თბილისელებს "სითი პარკის" გადაუხდელი ჯარიმები ჩამოეწერებათ. ინიციატივა ცოტა ხნის წინ თბილისის მერმა გამოთქვა.
"ეს ჯარიმები ლახავდა მოქალაქეების უფლებებს და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის. გვახსოვს, რამდენად დიდი უკმაყოფილება იყო ამ კომპანიის მიმართ. უბრალოდ, შედარება რომ გავაკეთოთ: წლის განმავლობაში 1,2 მლნ ჯარიმა იწერებოდა "სითი პარკის" მიერ. მას შემდეგ, რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია ოპერირებს, დაახლოებით 500 ათასი ჯარიმა იწერება და ქალაქში არის წესრიგი, არ არსებობენ უკმაყოფილო ადამიანები" - აღნიშნა თბილისი მერმა.
კახი კალაძის იდეას საკანონმდებლო ინციატივის სახე ზაზა გაბუნიამ მისცა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე AMBBI.GE-სთან აცხადებს, რომ ყველანაირი საკანონმდებლო პროცედურა სავარაუდოდ, ივლისის თვეში დასრულდება, რის შემდეგაც მოქალაქეები "სითი პარკის" გადაუხდელი ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.
"ჩვენს მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ყველა ის გადაუხდელი ჯარიმა, რომელიც კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტამდე, 2018 წლამდეა გამოწერილი. კანონპროექტი ჩემი ინიციატივით უკვე დარეგისტრირებულია და მალე დაიწყება საკომიტეტო განხილვები.
ამ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც იცით, უამრავი მოქალაქე აღმოჩნდა ცუდ დღეში ამ ჯარიმების გამო. მათ ერიცხებოდათ დიდი ოდენობით საურავები, შემდეგ საქმე მიდიოდა აღსრულებაში და მცირე ჯარიმის გამო, ზოგჯერ მთელ ანგარიშებს უყადაღებდნენ მოქალაქეებს.
გვსურს, ამ პრობლემისგან გავათავისუფლოთ ჩვენი მოქალაეები და ეს ამ პანდემიის დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ახლა თითოეულ თეთრს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საერთო ჯამში ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე, ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ვალდებულებისგან", - გვეუბნება გაბუნია.
უმრავლესობის წევრი განმარტავს, რომ ამნისტია შეეხება გადაუხდელ ჯარიმას ნებისმიერ ეტაპზე.
"აღუსრულებელი ჯარიმა - ეს ტერმინი მოიცავს გადაუხდელ ჯარიმას ნებისმიერ ეტაპზე. იქნება ეს აღსრულებაში თუ სასამართლო პროცესებამდე მისული საქმე. "სითი პარკისგან" განსხვავებით ხელისუფლების ამოცანა არ არის მოგებაზე იყოს ეს სერვისი ორიენტირებული. ეს მომსახურება ახლაც არსებობს, მაგრამ არის გამართული და კარგად ფუნქციონირებადი", - აღნიშნა პარლამენტარმა. იხილეთ სრულად