„სასტუმროებს კიდევ ერთკვირიანი ვადა აქვთ, რომ ინსპექტირება მოითხოვონ და შრომის ინსპექცია სრულიად უსასყიდლოდ შეამოწმებს მზაობას, რამდენად აქვთ დანერგილი სტანდარტები, რომელიც მოთხოვნილია"

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, სასტუმროებს ვადა 15 ივნისამდე აქვთ, რათა შრომის ინსპექცია მოითხოვონ და მათი გახსნის ნებართვა მხოლოდ დადებითი დასკვნის შემთხვევაში გაიცემა.

,,სასტუმრო იხსნება გარკვეული დათქმით, მათ იმ შემთხვევაში აქვთ მუშაობის გაგრძელების უფლება თუ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მოახდენს მათ შემოწმებას და შემოწმების შედეგად მიიღებენ დადებით დასკვნას. ამიტომ, ვინაიდან, შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან იწყება, სასტუმროებს კიდევ აქვთ ერთკვირიანი ვადა, რომ დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ვებ-გვერდზე, მოითხოვონ ინსპექტირება და შრომის ინსპექცია სრულიად უსასყიდლოდ შეამოწმებს მზაობას,თუ რამდენად აქვთ მათ დანერგილი ის სტანდარტები, რომელიც მოთხოვნილია შესაბამისი გაიდლაინებით. მათ მხოლოდ ამ შემთხვევაში ენიჭებათ მუშაობის გაგრძელების უფლება,", - განაცხადა ბექა ფერაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.