„სასტუმრო ჯერ უნდა შემოწმდეს, დააკმყოფილოს ყველა სტანდარტი, მიიღოს ნებართვა და ამის შემდეგ აქვს განთავსების ობიექტს საშუალება, რომ უმასპინძლოს შიდა თუ საერთაშორისო მოგზაურს"

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, წესში შესული ცვლილებები, რაც ვირუსის პრევენციისთვის სტუმრის მიღებამდე სასტუმროების შემოწმებას გულისხმობს, საშუალებას იძლევა, რომ ვებრძოლოთ ვირუსის იმპორტირებას და გავრცელებას ქვეყანაში.

„სასტუმროების შემმოწმებელი ორგანო ჯანდაცვის სამინიტროა, გრძელდება სასტუმროების რეგისტრაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ კიდევ უფრო მეტ სასტუმროს, რომ გააქტიურდნენ და წარმოაჩინონ თავი, როგორც მოქმედი განთავსების ობიექტი. შევიდა ცვლილება, რაც გულისხმობს იმას, რომ სასტუმრო ჯერ უნდა შემოწმდეს, დააკმაყოფილოს ყველა ის სტანდარტი, რომელიც დაფიქსირებულია COVID19-თან ბრძოლის წინააღმდეგ რეგულირებული დოკუმენტის ფარგლებში, მიიღოს ნებართვა და მხოლოს ამის შემდეგ აქვს განთავსების ობიექტს საშუალება, რომ უმასპინძლოს შიდა თუ საერთაშორისო მოგზაურს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი დანამატი ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის სფეროში, რადგან ეს გვაძლევს სრული კონტროლის მექანიზმს, ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ პირველ რიგში, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე და რა თქმა უნდა, ვებრძოლოთ COVID 19-ის იმპორტირების შესაძლო გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისივე განმარტებით, პირდაპირი დახმარების ინსტრუმენტებით, მთავრობამ არა 140 მილიონიანი, არამედ 700 მილონზე მეტი ლარი შესთავაზა ტურიზმის ინდუსტრიას. ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელიც პანდემიის დაწყებიდან ყოველთვე ახდენდა ტურიზმის ინდუსტრიის სტიმულირებას და აუმჯობესებდა დახმარების პაკეტს.