ნათია თურნავა - ამ ანგარიშშიც საქართველოზე რაც წერია, ძირითადად არის პოზიტიური - ერთი ფრაზა ხელოვნურად არის იმპლანტირებული

ამ ანგარიშშიც საქართველოზე რაც წერია, ძირითადად არის პოზიტიური, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაზე საუბრისას.

„წლიდან წლამდე ჩვენი ურთიერთობები, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ძლიერდება და ადის საკმაოდ მაღალ დონეზე. მე ეჭვი მაქვს, რომ იმ ერთი ფრაზის იქით ბევრი არც გაცნობია ამ ანალიტიკურ კვლევას, ეს არ არის ნორმატიული აქტი. თქვენ თუ ამას გაეცნობით, ნახავთ, რომ თვითონ ამ ანგარიშშიც საქართველოზე რაც წერია, ძირითადად არის პოზიტიური და მათ შორის წერია იმის შესახებ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში ურთიერთობა დღეს ისეთ მაღალ ნიშნულზეა, როგორც არასდროს. აბსოლუტურად დისონანსშია ყველაფერთან ეს ერთი ფრაზა, ამოვარდნილია სრულიად იმ დოკუმენტის კონტექსტიდან, რაზეც აპელირებენ. ზოგადად ჩვენი, ამერიკისა და საქართველოს ბოლოდროინდელი ურთიერთობების კონტექსტიდან საერთოდ ამოვარდნილია. იქ არის საუბარი, თითქოსდა „ქართული ოცნება“ რუსეთთან არის ალიანსში და ეს იწვევს დესტაბილიზაციას, მაშინ ამ შემთხვევაში რა შუაშია ის, რომ მაღალ დონეზე არის აშშ-სა და ჩვენი სამხედრო ურთიერთობები. აქაც ჩანს, რომ ეს ფრაზა ხელოვნურად არის იმპლანტირებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ „საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული”.