Transneft-მა დაბინძურებული ნავთობის გამო მომხმარებლებს 72,5 მლნ დოლარი გადაუხადა

ნავთობსადენის მონოპოლისტმა კომპანიამ Transneft ნავთობის დაბინძურების გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით შემსყიდველებს იანვარ-მარტში 5 მლრდ რუბლი (დღევანდელი კურსით დაახლოებით 72,5 მლნ დოლარი) გადაუხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მილსადენის „დრუჟბას“ დაბინძურების გამო, Transneft-მა 26,1 მლრდ რუბლის კომპენსაციიდან 8.2 მილიარდი რუბლი გასული წლის მეოთხე კვარტალში და 2020 წლის პირველ კვარტალში უკვე გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ მილსადენი „დრუჟბა“ 2019 წლის 25 აპრილიდან 10 ივნისამდე ბლოკირებული იყო და ევროპულ სახელმწიფოებს რუსული ნავთობი არ მიეწოდებოდათ. მილსადენის ჩაკეტვის მიზეზი 5 მილიონი ტონა დაბინძურებული ნავთობი გახდა, რომელიც დასაშვებზე დიდი რაოდენობით კოროზიულ ნივთიერებებს - ქლორიდებს შეიცავდა. შედეგად მომხმარებლებმა ზარალის ანაზრაურება მოითხოვეს. Transneft- ის დირექტორთა საბჭომ მოგვიანებით დაამტკიცა დაბინძურებული ნავთობის კომპენსაციის მოცულობა და ის ბარელზე არა უმეტეს 15 აშშ დოლარით განისაზღვრა, მაგრამ ეს მყიდველებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ნავთობსადენი „დრუჟბა“ 1960 წელს აშენდა და სრულად ექსპლუატაციაში 1964 წელს შევიდა. ნავთობსადენის სიგრძე 8 900 კილომეტრია, საიდანაც 3 900 რუსეთის ტერიტორიაზეა. ამ მილსადენით საწვავი ევროპის ქვეყნებს მიეწოდებათ.