„საგანგებო კი არა, საგანგაშო ბიუჯეტია, ბიუჯეტის შემოსავლების 54% ფორმირებულია სესხებით და ნაჩუქარი სახსრებით"

ეს ბიუჯეტი მოიხსენიება როგორც საგანგებო ბიუჯეტი, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის საგანგაშო ბიუჯეტი, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. დღეს, ფრაქციის სხდომაზე, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ანტიკრიზისულ ბიუჯეტს განიხილავენ. როგორც გოცირიძე აცხადებს, ბიუჯეტი არის უმძიმესი თავისი ყველა პარამეტრით და მისი საშემოსავლო ნაწილი ძირითადად სესხითა და გრანტით არის ფორმირებული.

"ეს ბიუჯეტი მოიხსენიება როგორც ანტიკრიზისული და საგანგებო ბიუჯეტი, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის საგანგაშო ბიუჯეტი. ალბათ, ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში არ მომხდარა, რომ ბიუჯეტს დაფინანსების საკუთარი წყაროები აქვს მხოლოდ და მხოლოდ 46 პროცენტი. 8 მილიარდი ლარი არის ვალი და დაახლოებით 560 მილიონი ლარი არის გრანტები. ანუ ბიუჯეტის შემოსავლების 54 პროცენტი ფორმირებულია სესხებით და ნაჩუქარი სახსრებით. ეს არის უმძიმესი ბიუჯეტი თავისი ყველა პარამეტრით და მისი მაკროეკონომიკური ზემოქმედებით ლარზე, ფასებზე და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი თეთრის დახარჯვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ეს თანხები იფლანგება, დარჩა მეორეხარისხოვან, უსარგებლო, პოლიტიკურ თუ კორუფციულ ინტერესებზე მორგებული ხარჯები, შემცირდა მხოლოდ ის, რაც ვერ შესრულდებოდა მექანიკურად - მივლინებები, რადგან ვერ წახვალ ვერსად, ვერ გაფრინდები. ბიუჯეტი არ არის მორგებული მოქალაქეთა ინტერესებზე,"- განაცხადა გოცირიძემ.