5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა - ფულადი გზავნილები 9.6%-ით შემცირდა

2020 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.8 მლნ აშშ დოლარი (421.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.6%-ით (13.9 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად გზავნილები რუსეთიდან შემცირდა, აქ კლებამ 43.18% შეადგინა, 30,62%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები გაერთიანებული სამეფოდან, პოლონეთიდან გადმორიცხვებმა კი 24.80%-ით დაიკლო.

გთავაზობთ Top-5 ქვეყანას, საიდანაც მაისში საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის თანხა გადმოირიცხა:

  • იტალია - 27,59 მლნ აშშ დოლარი;
  • რუსეთი - 19,77 მლნ აშშ დოლარი;
  • საბერძნეთი - 18,82 მლნ აშშ დოლარი;
  • აშშ - 15,21 მლნ აშშ დოლარი;
  • ისრაელი - 11,38 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხვებს, 2020 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.6 მლნ აშშ დოლარი (43.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის მაისის (20.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 33.7%-ით ნაკლებია.

თაია არდოტელი