გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქართულ საფინანსო სექტორში საკმარისი რესურსია, ჩამოიწეროს გადავადებული სესხების პროცენტი და შემდგომ ეტაპზე საპროცენტო განაკვეთი განახევრდეს

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აპრილის თვეში საბანკო სექტორის მოგებამ 80 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ამავე თვის მონაცემებს 16 მილიონი ლარით აღემატება.

როგორც ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ციფრები მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ საფინანსო სექტორში არის საკმარისი რესურსი, ჩამოიწეროს გადავადებული სესხების პროცენტი და შემდგომ ეტაპზე საპროცენტო განაკვეთი განახევრდეს.

„ეროვნული ბანკის აპრილის ანგარიში ქართულ საბანკო სექტორთან მიმართებაში ადასტურებს, რომ აპრილში, როდესაც ყველა გავღარიბდით და შემოსავალი შეგვიმცირდა, ქართულმა საბანკო სექტორმა დაწერა ზემოგება - 80 მილიონი ლარი, რაც 16 მილიონი ლარით აღემატება 2019 წლის აპრილის მონაცემებს. ეს არის უსამართლობა, როდესაც ყველა ვღარიბდებით და მთავარი თავის ტკივილი სესხები და კრედიტებია, ბანკები სესხის პროცენტის პროცენტს ახდევინებენ ადამიანებს. გადაუვადეს პროცენტები, მაგრამ დაუმატეს შემდეგ ეტაპზე.

ციფრები მიუთითებს, რომ ქართულ საფინანსო სექტორში არის იმის რესურსი, რომ ჩამოიწეროს გადავადებული სესხების პროცენტი და შემდგომ ეტაპზე განახევრდეს საპროცენტო განაკვეთი. უსამართლოა, როცა ქვეყნის ხელისუფლება გამოდის და ლობირებს საკუთარ ბიზნეს ინტერესებს და საუბრობს ბიზნესის სუბსიდირებაზე, ხალხი კი ღარიბდება," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.