„საქართველოს რკინიგზა“ - ორთვენახევრიანი პაუზის შემდეგ, დღეს, თბილისიდან ხუთი მიმართულებით პირველი მატარებლები გავიდნენ

ორთვენახევრიანი პაუზის შემდეგ, დღეს, თბილისიდან ხუთი მაგისტრალური მიმართულებით პირველი მატარებლები გავიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით, კოვიდ19-თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებს.

„ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული ინსტრუქციის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, მგზავრობა შესაძლებელი იქნება ხუთი მიმართულებით: თბილისი-ბათუმი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ქუთაისი. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, აღდგა დღის ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა.

„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს მოუწოდებს, რომ უსაფრთხოების მიზნით, მატარებლის ბილეთები შეიძინონ ონლაინ, ასევე მაქსიმალურად დაიცვან მგზავრობის წესები“,- განაცხადა ცაგურიამ.

„ბათუმის მიმართულებით შტადლერის მატარებელი დღეს ზუსტად 08:00 საათზე გავიდა. პირველი მგზავრების განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, მზად არიან დაიცვან ყველა რეგულაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.