15 ბაზრობა და სავაჭრო ობიექტი, რომელიც 2015 წლიდან დღემდე დაიწვა

2020 წლის 16 ივნისის ღამეს ვარკეთილის შერეულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა.

ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაახლოებით 4000 კვ-მდე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი.

ვარკეთილის ბაზრობა არ არის პირველი, სადაც წელს ხანძარი გაჩნდა. იანვრიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა. ბაზრობები კი უკვე წლებია იწვის, ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი დაზიანებული ელექტროგაყვანილობა სახელდება, ზოგჯერ კი დაუდევრობა. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ ბაზრობებისა და სავაჭრო ობიექტების მცირე ჩამონათვალს, რომლებიც 2015 წლიდან დღემდე დაიწვა.

  • 2020 წლის 16 თებერვალი - ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე ე.წ. კეჩის ბაზარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. დაიწვა ტანსაცმელი და სხვა სახის პროდუქტები.
  • 2020 წლის 14 იანვარი - თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. შედეგად დაიწვა 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.
  • 2020 წლის 13 იანვარი - ისანში მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 350-400კვ.მდე ფართობზე. დაიწვა ტექნიკა.
  • 2019 წლის 2 ოქტომბერი - თბილისში ე.წ. თერგის ბაზრობა დაიწვა. ხანძარი შერეულ სასაწყობო ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200მ2 ფართობზე იყო გავრცელებული.
  • 2019 წლის 6 ივნისი - ლილოში „ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე 20-მდე მაღაზია დაიწვა. ცეცხლი შერეული საქონლის საბითუმო მაღაზიებს მოედო. ხანძრის შედეგად დაიწვა, დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი.
  • 2018 წლის 27 თებერვალი - თბილისში „თერგის„ ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. შედეგად დაახლოებით 3 000 კვმ ფართობი დაიწვა. მაშინ შენობის მესამე სართულზე ხანძარი შუაღამით გაჩნდა.
  • 2017 წლის 19 აგვისტო - თბილისში, ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილმა ხანძარმა 38 სავაჭრო ჯიხური გაანადგურა. დაიწვა 1200 კვადრატულ მეტრი ფართობი.
  • 2017 წლის 10 ივლისი - ხანძარი ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩნდა. ხანძრის შედეგადაც 500 კვ.მ. ფართობი დაიწვა.
  • 2017 წლის 2 ივლისი - თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 2500 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა. ხანძარი სამსართულიან შენობას გაუჩნდა, სადაც ავტონაწილები იყიდებოდა.
  • 2017 წლის 24 აპრილი - ხანძარი ელიავას ბაზრობაზე ავეჯის მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის შედეგადაც დაიწვა 60 კვ. მეტრის ფართობი.
  • 2017 წლის 29 იანვარი - მთლიანად დაიწვა „ბავშვთა სამყაროს" შენობა.
  • 2016 წლის 3 ოქტომბერი - ლილოს ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 300 კვ. მეტრამდე ფართობი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა განადგურდა სხვადასხვა ტიპის საქონელი.
  • 2016 წლის 2 აგვისტო - ზესტაფონში, ე.წ. შავ ბაზარში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაახლოებით 1 000 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.
  • 2015 წლის 4 აგვისტო - ხანძარი ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა. საღებავების საწყობში გაჩენილ ხანძარს 20-მდე სახანძრო სამაშველო ბრიგადა აქრობდა. ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.