ნათია თურნავა - მზად ვართ, მეზღვაურების როტაციის პროცესში სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია შევასრულოთ

საქართველო მზადაა, 15 ივნისიდან უსაფრთხოების სპეციალური ზომების დაცვით, მეზღვაურთა როტაცია - რეპატრიაციის პროცესში სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია შეასრულოს. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველომ გაითვალისწინა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გაიდლაინები და სპეციალური მოთხოვნები შეიმუშავა, რომელიც მკაცრი უსაფრთხოების ნორმების მიუხედავად, მნიშვნელოვნად ამარტივებს ქვეყნის ტერიტორიაზე მეზღვაურთა გადაადგილების პროცესს. ასევე, დამუშავდა სპეციალური წესები ქვეყანაში მეზღვაურების მიღება/გაცილებისა და საკარანტინე სივრცეში გადაყვანისათვის.

„საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, გლობალური პანდემიის ფონზე ქვეყანაში არსებული დაბალი და მკაცრად კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით კი ჩვენი მზაობა, გავხდეთ სატრანზიტო ქვეყანა მეზღვაურებისთვის, დააინტერესებს საერთაშორისო გემთმფლობელებს, რადგან მეზღვაურთა როტაცია დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, - განაცხადა მინისტრმა.

მსოფლიოში დაახლოებით 1.2 მილიონი მეზღვაურია, რომლებიც 65,000 გემზე მსახურობენ. ეკიპაჟის შეცვლა ბოლო 2 თვის განმავლობაში შეჩერებულია. საერთაშორისო საზღვაო პალატის (International Chamber of Shipping) მონაცემების მიხედვით, დღეისთვის 300 000 მეზღვაურის როტაციაა საჭირო. პანდემიის გამო, მსოფლიოში შექმნილი ვითარება რისკის ქვეშ აყენებს მეზღვაურების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ხოლო სამომავლო უმოქმედობა გავლენას იქონიებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთების დროულად გადაზიდვებზე. მინისტრის ბრძანების თანახმად ეკიპაჟის ცვლილების პროცესს ორგანიზებასა და კოორდინაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გაუწევს.