„სადაზღვევომ მზაობა გამოხატა, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს აუნაზღაურდეს დანაკარგი - ჩვენც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარებით"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიამ მზაობა გამოთქვა, რომ ვარკეთილში დამწვარი ბაზრობის ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს ის დანაკარგი, რაზეც საუბარი იქნება. როგორც კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება მერიაც. კალაძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან.

„საუბარი მინდა დავიწყო იმით, რაც დედაქალაქში მოხდა. კონკრეტულად სამგორის რაიონში. ხანძრი გაჩნდა, დაიწვა შერეული ბაზრობის გარკვეული ტერიტორია. მართლაც მძიმე მდგომარეობა იყო. რაც მთავარია, არ არის მსხვერპლი. ცეცხლი გავრცელებული იყო სასაწყობე ჯიხურებზე, დაიწვა ტანსაცმელი, სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. საშიშროება იყო, რომ ცეცხლი გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების მართლაც გმირულმა მუშაობამ ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და თითოეულ მეხანძრე-მაშველს მადლობა გადავუხადო თავგანწირული შრომისთვის. ადგილზე იმყოფებოდნენ შს მინისტრის მოადგილე, ჩემი მოადგილე, ასევე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.

დაზარალებულ ადამიანებს თანადგომა გამოვუთქვით. გუშინ, ჩვენ ვაკვირდებოდით, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. სადაზღვევო კომპანია, სადაც დაზღვეული იყვნენ ეს ადამიანები.

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ უნდა გაითვალისწინოს და უკვე ყველამ ვიცით, რომ სავალდებულო და აუცილებელია ასეთი ბაზრობების დაზღვევა მოხდეს, იმისათვის, რომ რისკები ყველანაირად ავიცილოთ თავიდან. გუშინ, ჩვენ განცხადებები მოვისმინეთ, სადაზღვევო კომპანიამ, რა თქმა უნდა, მზაობა გამოხატა, რომ ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს ის დანაკარგი, რაზეც საუბარი იქნება. მიმდინარეობს მოკვლევა, ყველაფრის დაზუსტება და სადაზღვევო კომპანია გააკეთებს იმას, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის. გარდა ამისა, თვითონ დაზარალებულების თემა ინდივიდუალურად განიხილება. თბილისის მერიაც მზად ვართ, რომ შევხვდეთ, ჩავერთოთ, განვიხილოთ არსებული მდგომარეობა და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარებით. პრემიერ-მინისტრთან საუბარი მქონდა ამ საკითხზე და მომდევნო დღეების განმავლობაში იქნება შეხვედრები და კონსულტაციები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისვე განმარტებით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დადგინდება, საიდან გაჩნდა ხანძარი.