„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის მიღება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება"

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის მიღება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ამის შესახებ თოლორაიამ სახელმწიფო ინპექტორის სამსახურის მიერ 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

.როგორც თოლორაიამ აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადების სახით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის პროექტი გასულ წელს წარუდგინა.

,,ამ კანონის მიღება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს კანონი ჩვენს კანონმდებლობას დაახლოებს საერთაშორისო სტანდარტებთან, გააუმჯობესებს თითოეულ უწყებაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, უფრო ეფექტიანად დაიცავს ჩვენს პერსონალურ მონაცემებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისცემს მისი მანდატის უფრო ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას.

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის პროექტით ფართოვდება მონაცემთა სუბიექტების უფლებები; იზრდება მოქალაქეთა წინაშე მონაცემთა დამმუშავებლების ვალდებულებები; უმჯობესდება არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების პროცესი და მათი დამუშავება უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ არასრულწლოვნის ინტერესებს; იხვეწება ვიდეოთვალთვალისა და აუდიომონიტორინგის წესები; უმჯობესდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავების პროცესი; დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტის მონაცემების დამმუშავებელ ორგანიზაციებს დაევალებათ დანიშნონ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც უნდა ფლობდეს სათანადო ცოდნას მონაცემთა დაცვის სფეროში; მკაცრდება პასუხისმგებლობა მონაცემთა არაკანონიერი დამუშავებისთვის. ცხადია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი კანონმდებლობის გაუმჯობესების მიმართულებით, მნიშვნელოვანია, მაგრამ პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე, ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. ჩვენ გვაქვს კანონის იმპლემენტაციის კონკრეტული გეგმა, რომელიც დაეხმარება ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, შეფერხებების გარეშე დანერგოს პრაქტიკაში კანონი“,- განაცხადა თოლორაიამ.