"სამშენებლო კომპანიებისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რათა უკეთესად დავგეგმოთ მომავალი პერიოდი"

ინფრასტრქუტურულ პროექტებში ჩართულ კომპანიათა უმეტესობა უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა და კრიზისული პერიოდის შემდგომ აგრძელებს სამუშაოების წარმოებას. მოხარული ვართ რომ კომუნიკაცია სამინისტროს მხრიდანაც აქტიურია განსაკუთრებით ასეთ პერიოდში, როდესაც ბევრი რისკის წინაშე ვდგავართ, უკეთესად უნდა დავგეგმოთ მომავალი პერიოდი“,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარაშვილმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ღია კარის დღეზე განაცხადა.

მისი თქმით, შემოწმებული სამშენებლო კომპანიები დაწესებული ნორმების დაცვას მაღალი სიმკაცრით განაგრძობენ.

„კრიზისის დროს, წინა ორი თვის განმავლობაში, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა როგორც შემსყიდველებთან, ასევე განსაკუთრებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ბიზნეს ომბუდსმენის აპარატთან. ძალიან ბევრმა კომპანიამ უკვე გაიარა შემოწმება, რომლებიც დღემდე აგრძელებენ მაღალი სიმკაცრით ნორმების დაცვას. გარკვეული ნორმების დაცვა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით, სიმაღლეზე მუშაობის დროს პირბადის ტარება, თუმცა კომპანიები ცდილობენ, რომ ამან არ იმოქმედოს სამუშაოების შესრულების ხარისხზე“,- აღნიშნა ანა საბახტარაშვილმა, რომლის კომენტარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციაა სამშენებლო კომპანიებს მიაწოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.