"წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 54,4%-ს შეადგენს, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი 8,5%-ია"

ეს ის დოკუმენტია, სადაც ფინანსურად აისახება ყველა ის ღონისძიება, რომელსაც მთავრობა აკეთებს და კიდევ გააკეთებს ერთის მხრივ ინფექციის შესაჩერებლად, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ხოლო მეორე მხრივ - ეკონომიკაზე დარტყმის მინიმიზაციისა და კრიზისიდან გამოყვანის თვალსაზრისით ,- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის მიერ შემოტანილი გადამუშავებულ დოკუმენტში გათვალისწინებულია პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტით მოსახლეობისთვის განსაზღვრულია საკმაოდ დიდი მოცულობის მიზნობრივი სოციალური დახმარება, ასევე შესაძლებელია გაფართოვდეს კომპენსაციის მიმღებთა რაოდენობა იმ თვითდასაქმებულებისათვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია და მთავრობამ შესაძლოა, შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით სპეციალური ფონდიდან - STOP COV ფონდიდან გასცეს დახმარება.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე ასევე წარმოდგენილია მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც სხვადასხვა რისკფაქტორების გათვალისწინებით გაწერილია თუ როგორ მოემსახურება მთავრობა ნაკისრ ვალდებულებას საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.

„წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა შეადგენს 54,4%-ს, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი, თქვენ იცით, რომ 8,5%-ია. ზოგადად მაკროეკონომიკური პარამეტრები უცვლელია, ციფრები არ არის შეცვლილი წარმოდგენილ ვერსიაში, ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია ეკონომიკის შემცირება -4%-ით, ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებები, ხარჯვა გვექნება 15 მილიარდ 923 მილიონის ფარგლებში“, - აღნიშნა კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტი ის დოკუმენტია - რომელსაც კარგა ხანია ითხოვდა როგორც უმრავლესობა, ასევე განსაკუთრებით ოპოზიცია, სადაც ფინანსურად უნდა იყოს ასახული ყველა ის ღონისძიება, რომელსაც მთავრობა აკეთებს და კიდევ გააკეთებს ერთის მხრივ რომ ინფექცია შეჩერდეს, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ხოლო მეორე კუთხით - ეკონომიკაზე დარტყმის მინიმიზაცია და კრიზისიდან გამოყვანის თვალსაზრისით იქნეს გამოყენებული.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.