გლდანის ტბის მიმდებარედ და ასევე, ვარკეთილის ხევის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონები მოეწყობა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, გლდანის ტბის მიმდებარედ და ასევე, ვარკეთილის ხევის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონები მოეწყობა. მისი განცხადებით, მუშავდება კონცეფცია, თუ როგორ უნდა განვითარდეს გლდანის ტბის ტერიტორია, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის შესაბამისი დასასვენებელი სივრცე შეიქმნება.

„გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომ შეიქმნას რეკრეაციული მწვანე სივრცე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ევროპის საბჭოს დახმარებით სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა დაფუძნდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ჩართულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და მუშავდება კონცეფცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული ადგილის განვითარება. ამ პროექტის ფარგლებში ტერიტორია დაახლოებით 37 კვ.მ-ია, უნდა გაკეთდეს ისეთი პარკი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის შესაბამისი სივრცე იქნება, თავისი სპორტული მოედნებით, ველობილიკებით, სასეირნო ბილიკებით, ახალი ხე-მცენარეებით. როდესაც საბოლოო პროექტი იქნება წარმოდგენილი, დავიწყებთ მის განხორციელებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა კალაძემ.

„მინდა შევეხო ასევე მნიშვნელოვან პროექტს სამგორის რაიონში, ეს არის ვარკეთილის ხევი, რომელიც საკმაოდ საინტერესოა რეკრეაციული სივრცის განვითარების თვალსაზრისით. დაახლოებით 3 ჰა-ს მოიცავს ეს ტერიტორია და აქაც დაწყებული გვაქვს პროექტზე მუშაობა. საპროექტო სამუშაოების პირველ ეტაპი უკვე დასრულებულია. დაახლოებით 1 თვეში გვექნება სრული პროექტი და დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას. გამოვაცხადებთ ტენდერს, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და ის აწარმოებს სამუშაოებს. პარკი პასიური და აქტიური დასვენების ზონებად დაიყოფა. ტერიტორიაზე მოსასვენებელი სივრცეები გაჩნდება, დატვირთული ატრაქციონები და საბავშვო მოედნები მოეწყობა, ასევე სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, ველობილიკი, შინაური ცხოველებისთვის სასეირნო ზოლი, სავარჯიშო სივრცე, სკეიტპარკი და გადმოსახედი ბაქანი. ამ პროექტის ფარგლებში ასევე განიხილება არსებული საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, მოწესრიგება და განახლება. გაჩნდება საპიკნიკე სივრცეები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზაფხულის ბოლოს შესაძლებელი იქნება პროექტის განხორციელების დაწყება“,- განაცხადა კალაძემ.