ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორისთვის ტრენინგებს ჩაატარებს

პოსტ-პანდემიური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორისთვის ახალ ტრენინგებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, COVID-19-ის გავრცელების აცილების მიზნით საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის სავალდებულო რეგულაციები შემუშავდა, რაც უსაფრთხოების ზომების დაცვას, სოციალურ დისტანციას, დეზინფექციას და სხვა მოთხოვნებს გულისხმობს.

"ბოლო მონაცემებით ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 1675 სასტუმრო. შემოწმება დაიგეგმა 1331 სასტუმროში, საიდანაც სავალდებულო მოთხოვნები 459-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა. 291-მა სასტუმრომ კი ვერ დააკმაყოფილა, 581-მა სასტუმრომ განაცხადა, რომ მზად არ არის შემოწმებისთვის და დრო სჭირდება. ის განთავსების ობიექტები, რომლებიც მზად არ აღმოჩნდნენ COVID-19-თან დაკავშირებული გეგმიური ინსპექტირებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სრულიად უსასყიდლოდ სატრენინგო კურსს გაივლიან. ახალი პროექტი კერძო სექტორს უსაფრთხოების სავალდებულო რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეთავაზებული ტრენინგების მიზანია განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ თუ რა მოთხოვნების შესრულება მოუწევთ რეგულაციების შესასრულებლად, რომ მოახდინონ ადაპტირება ახალ სტანდარტებზე და შემოწმების შემდეგ განაახლონ ოპერირება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სასტუმროების ინსპექტირება ჯანდაცვის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ ხდება.

"COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების სწრაფი დანერგვის მიზნით ტურიზმის ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 1000-მდე წარმომადგენელს ტრენინგი უკვე ჩაუტარა. ადმინისტრაციის უფასო ონლაინ ტრენინგ კურსი განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებმა გაიარეს.

სასწავლო კურსი შემდეგ ძირითად თემას მოიცავდა: პრევენციული ღონისძიებები/ სოციალური დისტანცია; უსაფრთხოების დაცვის საშუალებები; სტუმრის მიღებისა და მომსახურების წესები; კვებისა და სასმელების ბლოკის ოპერირება; სპორტულ-გასართობი სივრცეების მართვა; დასუფთავება/დალაგების წესები და სხვა", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.