15 ივნისიდან, საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა და შესაბამისად, სამთვიანი "დარჩი სახლში"-ს შემდეგ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მონატრებული ადგილების დათვალიერების საშუალება მიეცათ.
მათთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო დიდი ხნით ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას, თანაც იაფი და სასიამოვნო განტვირთვა სურს შაბათ-კვირას, სალაშქრო ტურები საუკეთესო გამოსავალია.
AMBEBI.GE გამოცდილ მოლაშქრეებს ესაუბრა და მათ ჰკითხა, რომელ მიმართულებებს ურჩევენ ისინი დედაქალაქთან ახლოს ლაშქრობაში წასვლის მსურველებს. მოლაშქრეთა კლუბი "იეტის" დამფუძნებელი, დავით ცაბოშვილი გვეუბნება, რომ ყველა ადგილი თბილისიდან მაქსიმუმ 30-45 წუთის სავალზეა.
- ლაშქრობის მსურველებს შეუძლიათ, მარშრუტი ვაკის პარკიდან მთაწმინდის პარკამდე გაიარონ, ჭილის ტბაზე წავიდნენ, ასევე, ზედაზენზე, სადაც ძალიან კარგი საბავშვო ცენტრია გაკეთებული. ვარიანტებად შეუძლიათ, განიხილონ არმაზის ციხე, კოჯორში კოჯრის ციხე და ა.შ. ძალიან ბევრი მარშრუტია, რომელიც ძვირი არ ჯდება, ყველაფერი თითქმის უფასოა და ტრანსპორტირების და სხვა მინიმალური ხარჯია.
ეს ადგილები იმით გამოირჩევა, რომ უმეტესად, ისტორიულია, კარგი ბუნებაა, სიგრილე, შესაბამისად, ადამიანები თბილისის სიცხეს გასცდებიან და განიტვირთებიან.
საბავშვო ქალაქი ზედაზენზე (თბილისიდან მაქსიმუმ 45 წუთის სავალზე)
უფრო რომ დაგიკონკრეტოთ, ზედაზენზე გაკეთებულია "მოკოლენდი", რომელიც ძირითადად, ბავშვებზეა გათვლილი, არის საქანელები და ა.შ. იქვე - მცირე ზომის თავშესაფარია, წყალი, საბანაკე ადგილი, გზასთან ძალიან ახლოსაა, ასე რომ, ფეხით სავალიც არ არის ბევრი და იქ წასვლა ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერი ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანს შეუძლია. ამას გარდა, ადგილზე სიგრილეა და ბავშვებისთვის ძალიან კარგადაა მოწყობილი, რაც თბილისში გვაკლია.
არმაზის ციხე (თბილისიდან მაქსიმუმ 45 წუთის სავალზე)
არმაზის ციხის ბილიკზე ორი ისტორიული ძეგლია - ღვთისმშობლის დედათა მონასტერი და თავად არმაზის ციხე. ეს ისტორიულად ძალიან საინტერესო მონაკვეთია, რადგან სწორედ ამ ადგილას იდგა კერპები - გაცი და გა (გაიმი). არის პატარა მდინარე, სიგრილე, საავტომობილო გზიდან ძალიან ახლოსაა, ფეხით სავალი სულ რაღაც 4 კილომეტრია, შესაბამისად, დამწყებ მოლაშქრეებს სწორედ აქ შეუძლიათ წასვლა.
მდინარესთან ახლოს ძალიან კარგი საბანაკე ადგილებია, გაშლილი ველები, მოწყობილია საცეცხლურები, არც შეშის პრობლემაა. ერთი სიტყვით, შაბათ-კვირის განტვირთვისთვის, პიკნიკის მოწყობისა თუ დაბანაკებისთვის, ძალიან კარგი ადგილია.
ჭილის ტბა (თბილისიდან 20 კილომეტრში)
ეს ტბა თბილისთან ახლოსაა, მუხათგვერდის სასაფლაოს ზემოთ. მდებარეობს ზღვის დონიდან 1130 მეტრზე, გამოირჩევა ძალიან კარგი ხედით. საოცარი ბუნებაა, ულამაზესი ხედი თბილისზე, რითიც ეს ადგილი ამით დიდ პლუსს იწერს. ერთადერთი პრობლემა მწერებია - ძალიან ბევრ მწერს შეხვდებით, რადგან ტბა ჭაობის სახითაა. იხილეთ სრულად