ჩანთების, აქსესუარებისა და ფესაცმლის ბრენდი Gepherrini სტრატეგიას ცვლის.
კერძოდ, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელი ილია გეფერიძე აცხადებს, ახლა მათი მთავარი სტრატეგია არა ფიზიკური მაღაზიების გახსნა, არამედ ონლაინ-გაყიდვების მიმართულებით გააქტიურება იქნება.
„პანდემიის პერიოდში ერთი რამ გამოიკვეთა - გაიზარდა და თითქმის გაათმაგდა ონლაინ-გაყიდვები. შესაბამისად, ჩვენი ბრენდის სტრატეგია შეიცვლება, ადრე თუ იყო ფიზიკური მაღაზიების გახსნა მთავარი სტრატეგია, ახლა მთავარი მიმართულებად ჩამოყალიბდება ონლაინ-პლატფორმები და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.
ზოგადად ონლაინ-გაყიდვები მთლიან რეალიზაციაში 5% იყო და გვსურს, რომ ეს მაჩვენებელი 15%-მდე ავიდეს. თუმცა ამ დროისთვის ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, ალბათ, უახლოეს 3 თვეში უფრო გამოიკვეთება, რას გავაკეთებთ. მაგრამ ის, რომ ონლაინ გაყიდვები იქნება მთავარი სტრატეგია, უკვე ვიცით“, - განაცხადა ილია გეფერიძემ.
ცნობისთვის, Gepherrini ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა. ტრადიციული ორნამენტებით გაწყობილმა, გეომეტრიული დიზაინის ჩანთებმა დაინტერესება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოწვია. Gepherrini-ს პროდუქცია იყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, შვედეთში, ჩინეთში, სულ 11 ქვეყანაში. საქართველოში კომპანია 6 სავაჭრო წერტილით არის წარმოდგენილი, აქედან 5 თბილისში და ერთი ბათუმში.
კორონავირუსის პანდემიამ სხვა ყველა ბიზნესთან ერთად, Gepherrini-ც დააზარალა. ილია გეფერიძე აცხადებს, რომ გაყიდვები ფაქტობრივად, გაუნახევრდათ. მისივე თქმით, მიუხედავად, ონლაინ-ვაჭრობის ზრდისა, მან გაყიდვებში საერთო სურათი ვერ შეცვალა.
„იმის გამო, რომ საწარმო დაკეტილი იყო და თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გვყავდა, ზარალი ფაქტობრივად, არ გვქონია. 1-ლი ივნისიდან გაიხსნა საწარმო და ვაკვირდებით ახლა სიტუაციას, რა იქნება. ერთი შეღავათი ის გვაქვს, რომ სავაჭრო ცენტრებმა გადასახადი 35-50%-ით შეგვიმცირეს, გრძელვადიანი თანამშრომლობით თავადაც არიან დაინტერესებულები. ახლა მთავარი ისაა, რომ კიდევ უფრო არ შემცირდეს გაყიდვები და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გართულდეს“, - განაცხადა ილია გეფერიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.