„ყველა თანამშრომელი, ვინც სარგებლის მიღებისთვის გარიგებაში შევა და უკანონო ქმედებას ჩაიდენს, მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყების თანამშრომლის დაკავებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველა თანამშრომელი, ვინც უკანონო ქმედებას ჩაიდენს, კანონის წინაშე მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს.

„მინდა განვაცხადო, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყების ყველა თანამშრომელი, ვინც სარგებლის მიღებისთვის გარიგებაში შევა და უკანონო ქმედებას ჩაიდენს, მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე.

საქმის გამოძიების პროცესში სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ სამართალდამცავებთან. ერთეულმა უკანონო ქმედებებმა არ უნდა შელახოს სახელმწიფო სტრუქტურის და იმ პროფესიონალი ადამიანების რეპუტაცია, ვინც პატიოსნად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება არის სამინისტროს მართვის პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ნდობას, რომელიც უწყების მთავარი მონაპოვარია, ქმნის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.