ნათია თურნავა - აპრილთან შედარებით მაისში ოდნავ უკეთესი ვითარებაა

ხედავთ, აპრილთან შედარებით მაისში ოდნავ უკეთესი ვითარებაა, - ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა მაისში ეკონომიკის 13.5%-იან შემცირებას.

მინისტრის თქმით, წინა თვეებში მაღალი ეკონომიკური ვარდნა საგანგებო მდგომარეობის პერიოდს უკავშირდება, თუმცა ივნისი-ივლისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში ბიზნეს აქტივობის აღდგენა აისახება.

„აპრილში შემცირება იყო 16.6%, მაისში ნაკლები შემცირებაა -13.5%. აქ მთავარი ფაქტორი ისაა, რომ მაისის ბოლო პერიოდში აღარ იყო საგანგებო მდგომარეობა და გარკვეული ბიზნეს საქმიანობები დაწყებული იყო. ზოგადად ეს სტატისტიკა მოსალოდნელი იყო. აპრილი-მაისი ჩვენ მაინც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვიმყოფებოდით და სრულიად შეგნებულად, დროებით შეჩერებული გვქონდა ბიზნესაქტივობა, ადამიანების მობილობა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა პრაქტიკულად გადავრჩენილიყავით და ის ნეგატიური ტენდენციები არ გაგვემეორებინა, რაც ბევრ სხვა სახელმწიფოში მოხდა. უფრო უნდა დავაკვირდეთ შემდგომი თვეების სტატისტიკას, სადაც უკვე ბიზნესაქტივობა მეტ-ნაკლებად ამოქმედებული იქნება და ეს ივნისი-ივნისის თვეების სტატისტიკაში აისახება. რა თქმა უნდა, კვლავ ნეგატიურ დინამიკას ველოდებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით -4, -5 პროცენტი იქნება, თუმცა 2021 წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კვლავ პოზიტიურ დინამიკას დავუბრუნდეთ,“ - აღნიშნა თურნავამ.

შეგახსენებთ, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა, 5 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.4%-ია.