ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები ძირითადი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

მცირე მეწარმეები, რომლებიც ე.წ. ხოფის ბაზრობაზე საქმიანობენ, ძირითადი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ მოიჯარეებს პირადად აცნობა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ერთობლივი ძალებით უნდა ებრძოლონ ეკონომიკურ კრიზისს და კრიზისით გამოწვეულ შედეგებს, რათა მაქსიმალურად დაეხმარონ მოქალაქეებს.

,,ე.წ. „ხოფის ბაზრობის“ მოვაჭრეები ძირითადი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ასევე, ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი კომუნიკაცია უკვე კერძო სავაჭრო ობიექტებთან და მათ მესაკუთრეებმაც მზადყოფნა გამოთქვეს, რომ შესაბამისი შეღავათები იქ მომუშავე ადამიანებზე გაავრცელონ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ახლა არ არის დრო გავზარდოთ გადასახადები და გადასახადების თვითნებურად გაზრდის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება მოხდება“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ე.წ. ხოფის ბაზრობაზე 1405 მოიჯარე საქმიანობს. ისინი პირველი ივლისიდან, 5 თვის ვადით, საიჯარო გადასახადებისგან გათავისუფლდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება კი მათი ბიზნესის გადარჩენას და შენარჩუნებას ხელს შეუწყობს.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ე.წ. ხოფის ბაზრობაზე დასაქმებულები სახელმწიფოსგან სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.