მსოფლიოში ყავის ფასი 19-წლიან მინიმუმზეა - ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო პროდუქტს ყიდულობს

მსოფლიოში ყავის ფასი 19-წლიან მინიმუმზეა. კერძოდ, ყავის საფონდო ღირებულება გასული წლის მაისის შემდეგ, ხანმოკლე ზრდით ხასიათდებოდა, თუმცა, ამ დროისთვის ფასი კიდევ უფრო დაეცა.

Bloomberg- ის ინფორმაციით, ყავა არაბიკას ღირებულება მარტის ბოლოს 16%-ით შემცირდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ კარანტინის პერიოდში რესტორნები, კაფეები, ყავის სახლები და ყველა ის ობიექტი დაიხურა, რომელიც პროდუქტის ძირითადი მომხმარებელია. შედეგად, ყავა გაიაფდა. როგორც გამოცემა წერს, ყავა არაბიკას ღირებულება ახლანდელზე იაფი მხოლოდ 2001 წელს იყო, როდესაც წარმოება გაიზარდა, მსოფლიოში კი გლობალური კრიზისი იყო.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც კარანტინი დასრულდა და ობიექტების დიდი ნაწილი გაიხსნა, ყავაზე მოთხოვნა ისევ იზრდება, რაც შესაძლოა, მოგვიანებით ფასზეც აისახოს.

Bloomberg- ის ცნობით, ბრაზილიაში, რომელიც ყავის უმსხვილესი მწარმოებელია, 2020 წლის მოსავლის 60% უკვე გაყიდულია. აქედან ყავა არაბიკა, მოსავლის დაახლოებით, 70% -ს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოს, წელს ქვეყანაში ყავის იმპორტი შემცირდა. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-მაისში 6,658 მლნ დოლარის ყავის იმპორტი განხორციელდა ( სულ 2 747 ტონა), ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 7,410 მლნ დოლარის (3 025 ტონა).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-მაისში ყავა სულ 24 ქვეყნიდან შემოვიდა.

აქედან ყველაზე მეტი მოცულობის პროდუქტი საქართველომ შემდეგი 5 ქვეყნიდან შეიძინა:

1. ინდონეზია - 3,109 მლნ დოლარი - 1 740 ტონა

2. რუსეთი - 682,1 ათასი დოლარი, 168,6 ტონა

3. იტალია - 655,3 ათასი დოლარი - 73,4 ტონა

4. ვიეტნამი - 642,5 ათასი დოლარი - 73,4 ტონა

5. გერმანია - 383,9 ათასი დოლარი - 77,3 ტონა

ნინი ქეთელაური