ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ახალ კვლევას, რომელშიც სსიპ-ებისა და საჯარო დაწესებულებების ავტოპარკის და საწვავის ხარჯებია გამოკვლეული.
IDFI-მ 2019 წლის დეკემბერში 90-მდე საჯარო დაწესებულებას მიმართა მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების, საწვავის ლიმიტების დამდგენი ნორმატიული აქტების და 2018-2019 წლებში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ, ასევე, თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ დაფარული კილომეტრაჟისა და მოხმარებული საწვავის ზუსტი ოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.
კვლევის ფარგლებში IDFI-მ ინფორმაცია მიიღო 65 უწყებიდან, საიდანაც მოწოდებული ინფორმაციის ნაწილი არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი.
კვლევის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში 31-მა უწყებამ ჯამში 382 ავტომობილი შეისყიდა, საიდანაც 253 ერთეული 2018-2019 წლებში გამოშვებული უახლესი მოდელი იყო.
2018-2019 წლებში ყველაზე მეტი თანხა ავტომობილებში შემდეგმა უწყებებმა დახარჯეს:
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - 5 721 525 მლნ ლარი
- საგამოძიებო სამსახური - 2 232 000 მლნ ლარი
- დაცული ტერიტორიების სააგენტო - 1 734 000 მლნ ლარი
- საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 1 375 000 მლნ ლარი
- დაავადებათა კონტროლის ცენტრი - 1 142 000 მლნ ლარი
- წიაღის ეროვნული სააგენტო - 770 000 ათასი ლარი
IDFI-მ გამოიკვლია ისიც, რომ 2018-2019 წლებში, 31 სსიპ-ს მიერ შესყიდული ავტომობილების ჯამურმა ღირებულებამ 18 მილიონ ლარს გადააჭარბა.
- 2019 წლის 27 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 151,574.4 ლარად შეისყიდა Toyota Land Cruiser-ის მოდელის ავტომობილი, რაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებას 10,000 ლარით აღემატება.
- თანამდებობის პირებისთვის დაწესებული ყოველთვიური საწვავის ლიმიტები 140 ლიტრიდან 850 ლიტრამდე მერყეობს. ყველაზე მაღალი ლიმიტით გამოირჩევა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი (თვეში 850 ლიტრი).
- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა 2019 წელს ყველაზე მეტი, 10,371 ლიტრი საწვავი მოიხმარა და 50,200 კმ დაფარა.
- 2019 წელს, 10-მა თანამდებობის პირმა ჯამში დაახლოებით 490,000 კილომეტრი გაიარა, თითოეულმა საშუალოდ 49,000 კილომეტრი.
- 2019 წელს 20-მა თანამდებობის პირმა გადააჭარბა დადგენილ საწვავის ლიმიტს.
- იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, ერთი წლის განმავლობაში, საკუთარი თავისთვის დადგენილი ლიმიტი ოთხჯერ გაზარდა, 275 ლიტრიდან 600 ლიტრამდე.
იხილეთ სრულად