ისრაელში ბარები, ღამის კლუბები და სპორტდარბაზები იხურება

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ისრაელში გარკვეული შეზღუდვები ხელახლა დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში იხურება ბარები, ღამის კლუბები, სპორტდარბაზები და ღონისძიების დარბაზები.

გარდა ამისა, დახურული ტიპის რესტორნებში სადილზე მყოფი ადამიანების დასაშვები რაოდენობა 20-მდე, ღია ტიპის რესტორნებში კი- 30-მდე იზღუდება. სინაგოგაში, ერთდროულად მხოლოდ 19 მორწმუნეს ყოფნაა დასაშვები, ავტობუსებს კი 20-ზე მეტი მგზავრის ერთდროულად გადაყვანის უფლება არ აქვთ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აუცილებელია, ქვეყანაში გარკვეული ღონისძიებების გატარება იმისთვის, რომ მოხდეს უფრო ფართომასშტაბიანი კარანტინის თავიდან აცილება.

ცნობისათვის, ისრაელში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება მაისში დაიწყო. იმ დროიდან ქვეყანაში კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 30 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 332 ადამიანი გარდაიცვალა.