ქვეყნები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს არ უხსნიან

საქართველო დღეიდან რამდენიმე ქვეყანასთან საზღვარს ხსნის.

ამის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. კერძოდ, საქართველო საზღვრებს ხსნის იმ ქვეყნებთან, რომლებმაც თავად უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთან.

კერძოდ, ეს არის 5 ქვეყანა: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის საშუალებით.

ამასთან, ჩიქოვანმა ისაუბრა იმ ქვეყნებზეც, რომლებიც საქართველოსთან საზღვრებს არ ხსნიან ან კონკრეტული შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ საზღვრის გახსნის შემთხვევაში.

„ევროკავშირის წევრ იმ დანარჩენ ქვეყნებთან, რომლებმაც საქართველოსთან არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში, (არ ვგულისხმობ იმ 5 ქვეყანას, რომლებთანაც დღეიდან საზღვრებს გავხსნით) ან კიდევ დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, მათ შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად გაიღებენ.

ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, იმ სახელმწიფოებთან, რომლებმაც უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთან, გრძელდება მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთან არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია. ბელგია, ბულგარეთი. დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი.

ზოგიერთმა ქვეყანამ კი, როგორიცაა - იტალია, კვიპროსი, ისლანდია და სლოვენია, გახსნის მზაობა გამოთქვეს კონკრეტული შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში. ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი,“-აღნიშნა ჩიქოვანმა.

თაია არდოტელი