ტელესაკომუნიკაციო კომპანიები მთავრობასა და პარლამენტს მიმართავენ და აცხადებენ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა

ტელესაკომუნიკაციო კომპანიები მთავრობასა და პარლამენტს მიმართავენ და აცხადებენ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და უგულებელყოფს სამართლის პრინციპებს.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების/განხილვისას არ არის უზრუნველყოფილი დაინტერესებული პირების ჩართულობა; საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებისას ვერ იქნება უზრუნველყოფილი კანონპროექტების სათანადო, არსებითი განხილვა.

ტელესაკომუნიკაციო კომპანიებს შენიშვნები აქვთ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებითაც.

მათი თქმით, კანონპროექტის მიზნობრიობა არის დაუსაბუთებელი; კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება არის არასრული და არასათანადო; კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან არ არის გამოკვლეული და შეფასებული; კანონპროექტს არ ერთვის თან მომზადების პროცესში გამოყენებული მასალები და მიღებული კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია;

ტელესაკომუნიკაციო კომპანიების განცხადებიდან ირკვევა, რომ მათ ეჭვი შეაქვთ კანონპროექტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებითაც.

„კანონპროექტით შემოთავაზებული ნორმები წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლების დაცულ სფეროში. ფაქტობრივად, სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი მოკლებული იქნება შესაძლებლობას განახორციელოს რაიმე ქმედება და ყველა სახის უფლებამოსილებების განხორციელებისას სრულად იქნება დამოკიდებული კომისიის მიერ დანიშნული სპეციალურ მმართველის და უშუალოდ კომისიის თანხმობაზე. გარდა ამისა, თუ სპეციალური მმართველი ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების შესრულებას კომისია უფლებამოსილი იქნება ისეთი გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რომელიც კომისიის თანხმობის გარეშე წილების გასხვისებას ეხება, აუქციონის გზით გაყიდოს ავტორიზებული პირის წილი/აქცია. კომისია ისევ თავად განსაზღვრავს (საკმაოდ ზოგადი და რთულად შეფასებითი კრიტერიუმების ფარგლებში), თუ ვინ შეიძლება იყოს წილის/აქციის შემძენი, ადგენს უფლებამოსილებას საკუთარი შეხედულებით აუქციონში მონაწილეობა აუკრძალოს პირს ან გააუქმოს აუქციონის შედეგები“, - აცხადებენ ტელესაკომუნიკაციო კომპანიები.

მათივე თქმით, შემოთავაზებული საკანონმდებლო რეგულირება არ არის მიზნის მიღწევის (ასეთის განსაზღვრულად არსებობის შემთხვევაში) გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება, და, შესაბამისად, არის არაპროპორციული და კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს საკანონმდებლო ნორმისთვის დადგენილ განსაზღვრულობის მოთხოვნას.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი კომპანიები:

  • შპს „კავკასუს ონლაინი“
  • შპს „მაგთიკომი“
  • შპს „დელტა კომმი“
  • შპს „ახალი ქსელები“
  • შპს „ სი–ჯი–სი“
  • შპს „ახტელი“
  • შპს „სისტემ ნეტი“
  • შპს „ფოპტნეტი“
  • განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.